|
13-06-2010, 00:25
მსოფლიო ბანკის ინიციატივით, საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფილიპ ლე რუმ გამოცდების ეროვნულ ცენტრში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.
ფილიპ ლე რუს განცხადებით, საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის გამოცდილება უნიკალურია. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური სისტემა, რომელიც 2005 წლიდან სწორედ მსოფლიო ბანკის დახმარებით შეიქმნა და დაიწყო.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს იმისთვის, რაც მათ შეძლეს 2005 წლიდან დღემდე და აღნიშნა, რომ ბევრი კომპონენტის მიხედვით, ეს არის უნიკალური საგამოცდო ცენტრი.
"საქართველოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს მაღალინტელექტუალი და ენერგიული მენეჯერი ჰყავს. მან თავის გუნდთან ერთად მოახერხა, გაევლო საკმაოდ რთული გზა და მიეღო ის შედეგი, რომელიც დღეს აქვს უკვე საქართველოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ამ ცენტრის გამოცდილება უნდა იყოს გაზიარებული სხვა ქვეყნებშიც", – განაცხადა ფილიპ ლე რუმ.
მისი ინიციატივით, გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი მუშაობის პრეზენტაციას ვაშინგტონში გამართავს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ფილიპ ლე რუს ვიზიტსა და მსოფლიო ბანკის დახმარებას მნიშვნელოვანი და საინტერესო უწოდა.
"დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი არის უნიკალური მთელ მსოფლიოში. ძალიან კარგია, რომ ამას ამბობს მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტში თანამშრომლობას. გვაქვს ძალიან ბევრი იდეა, რომელთა განხორციელებაც გვინდა და სწორედ ამიტომ მსოფლიო ბანკის დახმარება ამ პროექტების განხორციელებაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", – განაცხადა მიმინოშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან. მიმდინარე ეტაპზე გამოცდების ეროვნული ცენტრი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს ახორციელებს.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში 11 ივნისიდან იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ფილიპ ლე რუ იმ ორგანიზაციებს ეწვევა, რომლებიც პროექტებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებენ. ipn.ge |
|