|
27-06-2011, 13:10
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი იწყებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგებს მასწავლებელთათვის და სკოლების ადმინისტრაციისთვის. ამასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა დაასრულა მუშაობა 2011-2016 წლების ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, რის შემდგომაც იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი - სასწავლო გეგმის დანერგვა. დანერგვის პროცესი 2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში დაიწყება.
საქართველოს მასშტაბით, 30 სატრენინგო ცენტრში ივნისი-ივლისი-აგვიტოს თვეების განმავლობაში 8 000-ზე მეტი დაწყებითი საფეხურის პედაგოგი და 500 სკოლის დირექტორი გადამზადდება შემდეგი მიმართულებებით: ხუთი წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი; ჩვენი საქართველო; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოვლა-პატრონობა- ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილი;ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; ინგლისური ენა; ბუნებისმეტყველება;მუსიკა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სპორტი; ინკლუზიური განათლება.
ცენტრის, მოწვეული ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მიერ შეიქმნა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგნობრივი გზამკვლევები, მასწავლებელთა ტრენინგმოდულები, მზადდება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სხვა ხელშემწყობი მასალები. mes.gov.ge |
|