|
28-12-2010, 00:31
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა დირექტორებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და ერთად შეაფასეს როგორ მუშაობს სკოლებში ქცევის ახალი კოდექსები.
2010 წლის სექტემბრიდან საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში მასწავლებლის, დირექტორისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსები ამოქმედდა. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, კოდექსების ამოქმედება დროული და საჭირო ნაბიჯია სკოლებში ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნისკენ, მათ ხელი შეუწყვეს ბევრი იმ პრობლემის გადაჭრას, რომლებიც რეალურად არსებობდა სკოლებში.
კოდექსების დანერგვის შემდეგ, დარეგულირდა და გაუმჯობესდა ურთიერთობა მასწავლებელს, მოსწავლესა და სკოლის დირექციას შორის, კოდექსებზე დაყრდნობით შეიქმნა სკოლის ახალი შინაგანაწესები, ამაღლდა დისციპლინა, მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, თითქმის აღარ ფიქსირდება საკუთარ მოსწავლეთა რეპეტიტორობის ფაქტები, აღმოიფხვრა მოსწავლეთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები, გაუმჯობესდა დირექტორების მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ხელსეწყობა.
ახალი კოდექსები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექპერტთა მიერ შემუშავდა. საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა, იურისტებმა და ფსიქოლოგებმა.
ეთიკის კოდექსების უფრო ეფექტურად ამოქმედების მიზნით, ტრენინგები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან გაგრძელდება. mes.gov.ge |
|