|
13-07-2011, 19:26
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული სტატუსის საკითხზე განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები. ისინი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ," საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებლად ახორციელებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას და დამოუკიდებლად განკარგავენ ბიუჯეტს.
შესაბამისად, თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართლებებს და ახორციელებს მათ დაფინანსებას. მხოლოდ და მხოლოდ, უმაღლესი სასწავლებლის კომპეტენციაში შედის გახსნას თუ დახუროს მისი სტრუქტურული ერთეულის სახით არსებული ესა თუ ის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი.
აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონის მიხედვით არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საქმიანობაში. ეს პრიორიტეტი ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, მინიჭებული აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას".
განათლების სამინისტრომ აღნიშნული განცხადება "ახალი მემარჯვენეების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაავრცელა.
"ახალი მემარჯვენეები" თავიანთ განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლებამ, ეტაპობრივად, ჯერ გამოიყვანა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტები მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებიდან და დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოაყალიბა, შემდეგ განახორციელა მათი რეორგანიზაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად.
"დაპირებების მიუხედავად, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავდა სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობას, ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება-გადამზადების შესაძლებლობებისა და სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას, მოხდა ის, რის წინასწარმეტყველებაც ადვილი იყო: დღეს ირკვევა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი შესანახი ფული არ აქვთ და ბევრი სახელგანთქმული და დიდი ტრადიციების მქონე ინსტიტუტი პრაქტიკულად აღარ იარსებებს. ხელისუფლება მათ დაფინანსებას უწყვიტავს და მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფას სთავაზობს", - აცხადებენ "ახალი მემარჯვენეები".
იმავე განცხადების თანახმად, "ახალ მემარჯვენეებს" მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ქმედებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს უკვე საბოლოოდ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მეცნიერებას და უახლოეს მომავალში, მთლიანად განათლების სისტემასაც ქვეყანაში. |
|