|
13-08-2011, 18:22
ხვალ, 14 აგვისტოს, ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალი მიუზიკლის, "ქეთო და კოტეს" პრემიერით გაიხსნება. ახალი სპექტაკლის პრემიერა სპეციალურად ბათუმის ოპერის პრეზენტაციისთვის გაიმართება. ვიქტორ დოლიძის საოპერო და არჩილ კერესელიძის კინომუსიკის ახალი ჟღერადობის ავტორი ნიკა მემანიშვილია.
დეკორაციებისა და კოსტუმების ავტორი ვენეციის ბიენალეს 2011 წლის წარმდგენი თამარ კვესიტაძეა, ხოლო დამდგმელი რეჟისორი დავით დოიაშვილი. ქეთოს პარტიას შეასრულებს სოფო ნიჟარაძე, კოტეს პარტიას კი ბათუმელი მომღერალი ნიკა ბერიძე.
როგორც ნიკა მემანიშვილი იხსენებს, ამ მიუზიკლის განახლებით ბავშვობის ოცნება აიხდინა. "როდესაც სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე, ჩემს ნივთებში 1992 წლით დათარიღებული ჟურნალი ვიპოვე, სადაც თავიდან ბოლომდე მაქვს აღწერილი, თუ როგორ წარმომედგინა „ქეთო და კოტე“. ეს იყო კინოსა და ოპერის მიქსი სცენაზე. მაშინ 12 წლის ვიყავი. ამ ჟურნალს დღეს, როგორც სამუშაო მასალას, ისე ვიყენებთ“.
მიუზიკლში მუსიკალური მასალა იმ მელოდიას დაეყრდნობა, რომელიც დოლიძის ოპერასა და ვახტანგ ტაბლიაშვილის კინოფილმშია.
"არჩილ კერესელიძეს დაევალა, თავიდან გაეორკესტრებინა ვიქტორ დოლიძის ოპერა, მაშინ მან ოპერა მიუზიკლის ჟანრს დაუახლოვა და რამდენიმე თავისი არაჩვეულებრივი სიმღერაც დაუმატა: "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ“, "აქ გიხილე“ და სხვა... ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და მეც იმავეს ვაკეთებ... სასცენო მიუზიკლი ყველასთვის და ყველანაირი ჟანრის მოყვარულისთვის ერთნაირად მისაღები იქნება. სიმბოლურობის თვალსაზრისით ერთ ახალ თემას მეც ვამატებ, ისე, როგორც კერესელიძემ გაააკეთა", - აღნიშნა მემანიშვილმა.
მიუზიკლის დამდგმელი მხატვარი თამარ კვესიტაძეა, კოსტიუმებზე ანანო მოსიძე მუშაობდა, ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი იყო. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ფილმ "ქეთო და კოტეს“ ქორეოგრაფია ილიკოს ბებიასა და ბაბუას ეკუთვნის. ისინი ფილმში თამაშობენ კიდეც. პრემიერაზე ნინო და ილიკო იქნებიან სცენაზე. სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი ვარსკვლავები, მათ შორის, ნანი ბრეგვაძე.
"მთავარი, რითაც „ქეთო და კოტე“ ლეგენდარული გახდა, არა მარტო მუსიკა და რეჟისურაა, არამედ ისიც, რომ ამ ფილმში გადაიღეს ორმოციანი წლების ყველა თაობის გამოჩენილი მსახიობი, 12 წლის ლეილა აბაშიძეც კი, ასევე 90 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილი. პატარა ეპიზოდისთვის ნატო ვაჩნაძეც კი მიიყვანეს და ფინალურ ცეკვაში სამწამიან კადრში ათამაშეს. ამ მიუზიკლშიც გვინდა, რომ ჩვენი დროის ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ", - აცხადებს მემანიშვილი.
"ქეთო და კოტე" არის ვიქტორ დოლიძის ოპერა სამ მოქმედებად. ი. გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით პრემიერა შედგა თბილისში 1919 წლის 11 დეკემბერს. ქართული მუსიკის ისტორიაში ეს იყო პირველი ქართული კომიკური ოპერა. ვიქტორ დოლიძემ ის 27 წლის ასაკში შექმნა. |
|