|
2-06-2010, 02:17
პარიზში, პიერ კარდენის ცენტრში, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში რამდენიმე კულტურული ღონისძიება იგეგმება.
4 ივნისს პიერ კარდენის საკონცერტო დარბაზში გაიმართება მუსიკალური საღამო “ქართული კინოსა და თეატრის მუსიკის ნახევარი საათი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით, გიორგი უშიკიშვილი და ქართული სიმღერების ანსამბლი "ლაშარი". ნაჩვენები იქნება კოლაჟები მე-20 საუკუნის ქართული კინოდან.
4 ივნისსვე პიერ კარდენის საგამოფენო დარბაზში ქართული კინოსა და თეატრის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი თეატრისა და კინოს მხატვრების - გამრეკელის, ოცხელის, ვირსალაძის, ყაზბეგის, შტენბერგის, შარლემანის, შველიძის, მურვანიძისა და მესხიშვილის - ნამუშევრები, ასევე ქართული სცენოგრაფიის ისტორიის ამსახველი სხვა ნიმუშები, კოსტიუმები, მაკეტები და სხვა.
გამოფენას კულტურის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა დაესწრება. ექსპოზიციაზე მიწვეული არიან საფრანგეთის პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლები. გამოფენა 9 ივნისამდე გაგრძელდება.
პარიზში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში 5 და 7 ივნისს დაგეგმილია კინოჩვენებები. 5 ივნისს ნაჩვენები იქნება ქართული მხატვრული ფილმები “ჯიმშანთა" და “მაგდანას ლურჯა", ხოლო 7 ივნისს - “ჩემი ბებია" და “ქეთო და კოტე". უხმო ფილმების - “ჯიმშანთა" და “ჩემი ბებია" - ჩვენებას მუსიკალურ თანხლებას ნიკა მემანიშვილი გაუწევს.
ქართული კულტურის დღეები საფრანგეთში 25 მაისს დაიწყო. სწორედ ამ დღეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში , “პალე დე ტოკიო", ალბომის “ქართული გაზაფხული - მაგნუმის დღიურები" პრეზენტაცია გაიმართა. 28 მაისს იმავე მუზეუმში გაიხსნა ქართველი ფერმწერის, ნინო ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა.
ქართული კულტურის დღეები საფრანგეთში 9 ივნისამდე გასტანს. |
|