|
27-05-2011, 00:12
დღეს, 27 მაისს, 13:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ART-კაფეში გაიმართება პრესკონფერენცია საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას კულტურისა ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანა ასათიანი გაუძღვებიან.
27 მაისს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "ეკვადორის კულტურის დღეები" გაიხსნება. კულტურის დღეები ეკვადორელების ფოლკლორული კონცერტით დაიწყება, რომელშიც მათი ეროვნული ანსაბლები მიიღებენ მონაწილეობას - მოცეკვავეთა ანსამბლი "The Pujili Dancer " და მუსიკალური ანსამბლი "The Bamboo Ensemble".
ეკვადორის კულტურის დღეების ფარგლებში, 28 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) 6 ეკვადორელი თანამედროვე მხატვრის 60 ნამუშევარი გამოიფინება. ექსპოზიცია სახელწოდებით "Art is love, Ecuador Loves Life" 31 მაისამდე გაგრძელდება.
28 მაისს, 20:00 საათზე, "ეკვადორის კინოს დღეებს" რუსთაველის კინოთეატრში ჰოლივუდში მოღვაწე ეკვადორელი რეჟისორის სებასტიან კორდეროსის ფილმი გახსნის. ამავე კინოთეატრში 29-30-31 მაისს ეკვადორელი რეჟისორების 2-2 ფილმი იქნება ნაჩვენები.
29 მაისს საღამოს ეკვადორელები ბათუმში ფოლკლორულ კონცერტს გამართავენ.
ეკვადორის ოფიციალური დელეგაციის პრეზიდენტია ეკვადორის ელჩი თურქეთში აუგუსტო საა. ghn.ge |
|