|
24-01-2012, 00:52
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 22 იანვარს გამოფენა სახელწოდებით "ქართული კვალი კავკასიაში" გაიხსნა. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, იხილოს ახტალის ქართული ტაძრის, ახპატის, სანაინის, ქობაირის ქართული მონასტრის და ჰნევანქის ქართული ტაძრის უნიკალური ფოტომასალა. გამოფენა გოგა ჩანადირის და ტურისტული კომპანია „გუდ თრეველის" ფოტოარქივებიდან მომზადდა.
"ხელოვნების სასახლე ქართულ კვალს კავკასიაში უძღვნის გამოფენათა ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიაში არსებული ქართული არქიტექტურული, ფოლკლორული, ლიტერატურული და ისტორიული კვალის ასახვას. ეს იქნება პირველი ციკლი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ისეთ ქართულ ისტორიულ ძეგლებს ეძღვნება როგორიცაა ახტალა, ქობაირი, ძელიცხოველი, ახპატის ტაძარი და სინაინის ქართული ფრესკები. მომავალში ხელოვნების სასახლეში ასევე იგეგმება გამოფენის გახსნა ჩრდილოეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში არსებული ქართული კვალის შესახებ", - აცხადებენ მუზეუმში.
გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით კომპანია Good Travel-მა თეატრის მუსიკის კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში მოწვეული სტუმრებისთვის წამახალისებელი გათამაშებაც მოაქწყო, სადაც პრიზები გათამაშდება.
მუზეუმში გამოფენის პარალელურად, დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა რვიდან თოთხმეტ წლამდე ბავშვებისთვის, სახელწოდებით "გახდი ტაძრის ხუროთმოძღვარი", რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილადაა გაყოფილი.
თეორიულ ნაწილში ბავშვები კავკასიაში არსებული უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიული ძეგლების არქიტექტურას ეცნობიან, ისმენენ მათი მშენებლობის ისტორიას, მოხატვისა და მოჩუქურთმების თავისებურებებს და ამის შემდეგ უკვე პრაქტიკულ ნაწილში საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ქართული ისტორიული ძეგლების შემეცნებით ვირტუალურ ტურში, ვორქშპის დროს საგანგებოდ მომზადებულ ესკიზებზე მოხატონ ქართული ფრესკები, დაასრულონ იშხნის ტაძრის ჩუქურთმები და ორნამენტებით დაამშვენონ სამთავისის კარის კარიბჭე. დასასრულს მათ საშუალება აქვთ, ააწყონ სვეტიცხოვლის ტაძრის და პარხალის ბაზილიკის მაკეტები.
გამოფენა და ვორქშოპი ხელოვნების სასახლეში 8 თებერვლამდე გაგრძელდება. |
|