|
16-08-2011, 13:12
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს.
საგრანტო კონკურსი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ოთახ-სამლოცველოში გამოაცხადეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული კონკურსის ფარგლებში ფონდი დააფინანსებს საუკეთესო კვლევით პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალების, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას. ახალი კონკურსის მიზანია ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევით ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების დაინტერესება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მკვლევართა ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. საკონკურსო განაცხადებს ფონდი მიმდინარე წლის 12 სექტემბრის ჩათვლით მიიღებს.
კვლევის ხანგრძლივობა 3 წელს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება 300 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, შესაძლებელია უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან თანადაფინანსების მოზიდვა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, კონკურსის შედეგად შეიქმნება უფრო სრულყოფილი სურათი იმ უმნიშვნელოვანესი ქართული საგანძურის შესახებ, რომელიც მიმოფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ნაკლებად შესწავლილია, ან საერთოდ, შეუსწავლელია. პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რითაც საქართველო ამაყობს და დღემდე მსოფლიოს ყურადღებასა და აღფრთოვანებას იწვევს. mes.gov.ge |
|