|
18-03-2011, 20:39
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის ახალ, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღება ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში.
საკონკურსო პირობები მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სამინისტროში შეკრებილ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს გააცნეს.
ფუნდამენტური კვლევები საქართველოში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში გასულ წლებშიც ფინანსდებოდა, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რუსთაველის ფონდმა კონკურსს წელს ახალი, დამოუკიდებელი სახე მისცა.
საკონკურსო პირობების მიხედვით პროექტის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს, ხოლო ხანგრძლივობა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით განისაზღვრა.
საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებს, ძირითადად, უცხოელი დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტები შეაფასებენ.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, საკონკურსო კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა - ანალიზზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ტექნიკური და სხვა ტიპის პროგრესის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს.
ახალი კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით ფონდის წარმომადგენლები უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში კონსულტაციებს გამართავენ. mes.gov.ge |
|