|
6-09-2011, 00:22
დღეს, 6 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტ "სუვენირები საქართველოდან" პირველი ეტაპისა და ამავე სახელწოდების კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, პრეზენტაციას კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ხალხური რეწვის ოსტატები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პროექტის "სუვენირები საქართველოდან" მიზანია ძველი ოსტატების მუდმივი ძიება, მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების დაინტერესება, ძველი ქართული ორნამენტების აღდგენა–გამოყენება, ქართულ მოტივებზე უახლესი ნამუშევრების შექმნა, სამუზეუმო ასლების დამზადება და ახალი და გამოცდილი კადრების დასაქმება.
პროექტის ფარგლებში მომზადდა პირველი კატალოგი "სუვენირები საქართველოდან", სადაც თავმოყრილია 50 ოსტატის, როგორც პროფესიონალების, ისე სტუდენტების ათობით ნამუშევარი; მათ შორის ხეზე ჭრა, ნაქარგობა, ქართული ტრადიციული ოსტატობის, ქართული სამოსის, ხალხური რეწვის, მინანქრის, ბრინჯაოს ჭედურობის ნიმუშები და ასევე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები.
პროექტისა და კატალოგის მიზანია უნიკალურ ქართულ შემოქმედებასა და მათ ავტორებზე მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისათვის; დასაქმების მასშტაბების გაზრდა, იმ ხელოვნების წარმოჩენა, რომელიც დღეს იქმნება.
კატალოგში ჩანს მაღალმხატვრული მრავალფეროვანი ნამუშევრების ხარისხი, გემოვნება და პოტენციალი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს პროექტის "სუვენირები საქართველოდან" ფარგლებში ეს პირველი კატალოგია, რომელიც პერმანენტულად განახლდება და საზოგადოებას მუდმივად ახალ ინფორმაციას მიაწვდის. ipn.ge |
|