|
17-09-2011, 00:36
19 სექტემბერს, 09:30 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე "კარიერის კვირეულს" გახსნიან. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე დიდ დარბაზში ჩატარდება (მ. კოსტავას ქ.#77). ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი", კომპანია "Key Management Solutions Georgia" და დასაქმების სააგენტოების ასოციაცია.
პირველი "ტურიზმის კარიერის კვირეული" 19-24 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს საშუალო განათლებით. დასასწრებად საჭიროა მხოლოდ ვებგვერდზე www.careerweek.ge დარეგისტრირება.
ღონისძიების ფარგლებში 19-23 სექტემბერს გაიმართება სხვადასხვა სემინარი CV-ის მომზადების, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს გავლის შესახებ. დასასრულს, 24 სექტემბერს, ჩატარდება "კარიერის დღე", სადაც დამსწრეთ საშუალება მიეცემათ პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროდან, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, გაესაუბრონ მათ, დაუტოვონ CV და შემდგომში დასაქმდნენ.
კვირეულის მიზანია დაინტერესებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში და სერვისის დონის ამაღლება კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების უზრუნველყოფით. |
|