|
20-09-2011, 11:56
ქართველი მწერალი გიზო ნიშნიანიძე გარდაიცვალა. გიზო ნიშნიანიძე თბილისის კოლორიტი იყო, ვერაზე, ზემელზე დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ამბობდა, ბავშვობაში ის და მისი ძმაკაცები "იძულებით კაცები" იყვნენ, კაცობაში კი საკუთარი ნებით, ბავშვებად დარჩნენ.
გიზო ნიშნიანიძემ შარშან, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, აღადგინა "პაემანი ვერაზე", რომელიც თავის დროზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და მასში ქართული კულტურის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განახლებული "პაემანი ვერაზე" ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიდგა. პროექტზე გიზო ნიშნიანიძემ თბილისელების სამი თაობა დაპატიჟა.
"30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქური დოკუმენტური პოემა "პაემანი ვერაზე" ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიდგა და როგორც ჩანს, ინტერესი მისდამი დღესაც არ განელებულა. 30 წლის შემდეგ მინდა, შეგახსენოთ, როგორი იყო ჩემი დროის თბილისი", - აღნიშნა გიზო ნიშნიანიძემ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავიც გაიხსნა. ეს იყო პირველი ვარსკვლავი, რომლის მფლობელიც მწერალი გახდა.
2003 წელს გიზო ნიშნიანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. |
|