|
23-09-2011, 23:56
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ირანის ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ეშაღ საღლი და ირანის ელჩი საქართველოში მაჯიდ სამარზადე საბერი ეწვევიან. საპატიო სტუმრები ცენტრს საზეიმო ვითარებაში ოფიციალურად გადასცემენ ირანის ეროვნულ არქივში დაცულ ქართულ ხელნაწერთა იმ ჩამონათვალს, რომელთა ზუსტი ასლებიც ცენტრს უახლოეს მომავალში გადაეცემა.
აღნიშნული ხელნაწერების ნახვისა და კვლევის შესაძლებლობა ქართველ მეცნიერებს აქამდე არ ჰქონიათ. ხელნაწერთა ასლებთან ერთად ირანის მხარე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ფერეიდნელი ქართველების მიერ შესრულებულ თამარ მეფის პორტრეტსაც უსახსოვრებს.
შეხევედრაზე საერთაშორისო კონფერენცია "უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა" ოფიციალურად დაიხურება. კონფერენციის მონაწილეებს სიგელები გადაეცემათ. საერთაშორისო კონფერენცია 20 სექტემბერს გაიხსნა და 24 სექტემბერს დასრულდება. კონფერენციის მიზანი იყო, საშუალება მიეცა უცხოეთის ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევით დაინტერესებულ მეცნიერთათვის, წარმოედგინათ თავიანთი მუშაობის შედეგები და სიახლეები სხვადასხვა კვლევითი სფეროების მიხედვით. კონფერენციაში მონაწილეობდა 70-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთსა და ირანიდან. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ipn.ge |
|