|
28-01-2011, 13:10
დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროექტის "მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან" პრეზენტაცია, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი "მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან" მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებში დაცული ქართული, სპარსული და ოსმალური მოხატული დოკუმენტების გამოვლენას, დიგიტალიზაციასა და ინტერდისციპლინარულ კვლევას, კვლევის შედეგების მიწოდებას მკვლევართათვის, საერთაშორისო საზოგადოების ფართო წრისათვის და მის ჩართვას სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში.
ისტორიული დოკუმენტის მხატვრული გაფორმების პრინციპები, განვითარება და მიმართება ქრისტიანული და ისლამური სამყაროს მხატვრულ სისტემებთან საერთაშორისო კვლევის პრობლემათა იმ რიგს განეკუთვნება, რომელიც ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს სცილდება. ისტორიული დოკუმენტების მოხატულობა კვლევის საგანი არ ყოფილა.
სხვადასხვაენოვანმა დოკუმენტმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღბეჭდა როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ხალხების ისტორიული გეზის თანმდევი პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული ცვლილებები.
შუა საუკუნეების საქართველოში ისტორიული დოკუმენტები, როგორც შინაარსობრივი და სტრუქტურული, ასევე გარეგნული მხარე, მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიის კულტურული ტენდენციების ამსახველი იყო, XVI-XVIII საუკუნეებში მუსლიმური კულტურის ზემოქმედება და გავლენები აღიბეჭდება. XVIII საუკუნის მიწურულიდან, ახალი პოლიტიკური ვითარების შესაბამისად, ქართული ხელოვნება უკვე დასავლეთ ევროპისა და რუსული კულტურის გავლენის სფეროში მოექცა და ქართული დოკუმენტების მხატვრულმა გაფორმებამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
საქართველოში დაცული ქართული, სპარსული და ოსმალური დოკუმენტები ძირითადად მინიატურებით, დეკორითა და ინიციალებითაა გაფორმებული. იხატებოდა დოკუმენტური მასალის მხოლოდ გარკვეული სახეობები: ქართული სასისხლო სიგელები, წყალობისა და შეწირულობის დოკუმენტები, სპარსული ფირმანები და საზეიმო რიტუალური შინაარსის საბუთები, ოსმალო სულთნების სიგელები და მამულის ბოძების ბერათები.
XV-XIX საუკუნეების დოკუმენტების მნიშვნელოვან ექსპონატთა შორის გამოიყოფა ქართველ მეფეთა, საეკლესიო და საერო პირთა გამოსახულებები, სხვადასხვა სიუჟეტით შემკული ქართული საბუთები. |
|