ბოლო ათეული წლების განმავლობაში სამთო ელექტრომექანიკური სისტემების მიმართულებაზე (კათედრაზე) “სამთო ელექტრომექანიკური სისტემების დინამიკის” საგნის ფარგლებში მიმდინარეობს კვლევები ამ სისტემებში შემავალი სხვადასხვა მანქანის დინამიკური და კონსტრუქციული მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით. მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან ერთად სამუშაო სრულდება ბაგირგზების, საშახტო ამწე მანქანების, ვიბრაციული სატრანსპორტო ტექნოლოგიური და სხვა ჯგუფის მანქანების დინამიკური პროცესების კვლევის მიმართულებით.
სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ელექტრომექანიკის მიმართულების და მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დინამიკის განყოფილების ერთობლივმა პროექტმა (სამეცნიერო ხელმძღვანელი ვ. ზვიადაური), სახელწოდებით “ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მანქანის კომპლექსური კვლევა და ახალი, მაღალმწარმოებლური კონსტრუქციების დამუშავება”, გაიმარჯვა 2009 წლის საქართველოს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსზე (გრანტი #GGNSF/ST08/7-4860).
დინამიკური მოდელირებისა და კომპიუტერული კვლევების შედეგად აღნიშნული გრანტის ფარგლებში დამუშავდა გაზრდილი მწარმოებლობის ვიბროტრანსპორტიორების ორიგინალური კონსტრუქციები ახალი ვიბროამძრავით და ახალი მუშა ორგანოთი (ორივე ეს კონსტრუქცია გამოგონების სახით გადაეცა საქართველოს საპატენტო განყოფილებას პატენტების გასაცემად) და შეიქმნა მათი ლაბორატორიული ნიმუშები (ნახ. 1 და 2).
აღნიშნული ვიბრაციული სატრანსპორტო ტექნოლოგიური მანქანები განეკუთვნება სამთო ელექტროექანიკური სისტემების ჯგუფს, რომელთაც, მრავალმხრივ და მრავალფუნქციურ გამოყენებასთან ერთად, დიდი და შეუცვლელი გამოიყენება აქვთ სამთო წარმოებაშიც ფხვიერი მასების გადამუშავებისა და გამდიდრების ტექნოლოგიურ პროცესებში.
ახალი კონსტრუქციის ვიბროამძრავში (ნახ.1) შესაძლებელია დრეკადი და აღმგზნები ძალების ურთიერთდახრის რეგულირება და სხვადასხვა ფორმის ვიბრაციების მიღება (მაგ. ელიფსური), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ვიბროტრანსპორტიორის ეფექტურობას ძნელად ტრანსპორტირებადი (ბლანტი, ტენიანი) ფხვიერი მასალების მიმართ. ასევე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა ვიბროტრანსპორტიორი ახალი მუშა ორგანოთი, რომელიც არსებულისგან განსხვავებით, აღჭურვილია ბრტყელი ფირფიტებით, რომელთაც აქვთ მოწყობილობა დამატებითი ბრუნვითი რხევების განხორციელებისთვის.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული მანქანების სამთო საწარმოებში გამოყენების (დანერგვის) კუთხით, რისთვისაც საჭიროა მათი დამზადება საწარმოო მოთხოვნები (გაბარიტების, სიმძლავრის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების) გათვალისწინებით და შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსები (სპონსორირება).
გარდა თეორიული (ციფრული მოდელირება) კვლევებისა, ფართოდ გამოიყენება დინამიკური პროცესების ფიზიკური ექსპერიმენტების თანამედროვე მეთოდები. ნახ. 3-ზე ნაჩვენებია ვიბრაციულ მანქანაზე ფიზიკური ექსპერიმენტის ჩატარების სქემა, რაც საშუალებას იძლევა, ჩავიწეროთ საჭირო წერტილის ვიბრაციული სპექტრი და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მოვახდინოთ მისი დაშლა და ანალიზი; აღნიშნული მიდგომა (მეთოდიკა) კარგ საფუძველს ქმნის ვიბროაკუსტიკური დიაგნოსტიკური მეთოდების განვითარებისა და პრაქტიკაში ფართოდ გამოყენების კუთხით. Mმოცემული სქემა (ნახ. 3) შეტანილია სტუდენტების ლაბორატორიულ სამუშაოებში, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება თანამედროვე ინჟინრების და ტექნიკური დარგის სპეციალისტების ფორმირებაში.
ძირითადად სამთო მანქანების (ამწე საშახტო მანქანები, ვიბრაციული ტრანსპორტიორები) დინამიკის პრობლემატიკასთან იყო დაკავშირებული ვ. ზვიადაურის ბოლო წლებში საზღვარგარეთის მნიშვნელოვან სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა. მათ შორის აღსანიშნავია 2011 წლის 27-29 ივლისს პარიზის საერთაშორისო კონფერენციაში “მეცნიერების, მანქანათმშენებლობის და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადამია” (WASET-2011)** მონაწილეობა, სადაც გააკეთა მოხსენება “ამწე მანქანის ზოგადი დინამიკური მოდელი და ბაგირის შკივზე ასრიალების პრობლემა” (სურათებზე ნაჩვენებია მოხსენებათა კრებული და მოხსენების სერთიფიკატი, ასევე ფოტო მონტპარნასზე).
2010 წელს ლონდონში “მანქანათმშენებლობის მსოფლიო კონგრესზე” (WCE 2010)**-ზე გამოვიდა მოხსენებებით: 1. ვიბრაციული გადაადგილების სივრცითი დინამიკური მოდელი; 2. პლასტიკური მასალების შემჭიდროვება და ადჰეზია ვიბრაციის საშუალებით (სურათებზე ნაჩვენებია მოხსენებათა კრებული და მოხსენებების სერთიფიკატები, ასევე კონფერენციის ჩატარების ადგილი და სამეცნიერო სხდომების ფრაგმენტები).
2009 წელს ეგვიპტის ქ. ხურგადაში მოწყობილ კონფერენციაში “Повышение качества, надежности, и долговечности технических систем и технологических процессов”**, მისი მოხსენებების თემები იყო 1) ვიბროტრანსპორტიორის მუშა ორგანოს ფსკერის დრეკადობის გავლენა ფხვიერი ტვირთის ქცევაზე 2) ლოკომოტივის ამძრავის კბილანა გადაცემის გაანგარიშების თავისებურებები (მოხსენებათა კრებული ნაჩვენებია სურათზე).
გარდა აღნიშნული კონფერენციებისა, მისი თანაავტორობით შესრულებული სამუშაოს შესახებ მოხსენება გაკეთდა 2010 წლის 20-22 ოქტ., სან-ფრანცისკოს (აშშ) მანქანათმშენებლობის და კომპიუტერული მეცნიერების მსოფლიო კონგრესზე (WCECS 2010)** თემაზე “ვიბრაციის გავლენა პლასტიკური (ფხვიერი) მასალის სიმკვრივეზე” (ავტორები: მ. ჭელიძე, ვ. ზვიადაური, გ. თუმანიშვილი).
კონფერენციებში მონაწილეობის დროს მოხდა ახალი კავშირების დამყარება მანქანათა დინამიკის და მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებთან; მიმდინარეობდა ურთიერთსაინტერესო პრობლემატიკაზე დისკუსიები და აზრთა ურთიერთგაზიარება.
საინტერესოა, რომ 2012 წელს სტუ-ში დაგეგმილია მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური კონფერენციის ჩატარება ტრანსპორტის პროლემებზე და საზღვარგარეთის სამეცნიერო ფორუმებში სტუ-ის თანამშრომელთა მონაწილეობა ხელს უწყობს მსგავსი სამეცნიერო ღონისძიებებისადმი საზღვარგარეთის მეცნიერებისა და სპეციალისტების დაინტერესებას და მათში ფართო მონაწილეობას.
დაინტერესებული პირებისათვის წარმოდგენილი სამეცნიერო ფორუმების მოხსენებათა კრებულების მოძებნა და გაცნობა შეიძლება ინტერნეტში, “**” ნიშნით მითითებული სახელწოდებების საშუალებით.
ვიქტორ ზვიადაური არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1990 წ.), სტუ-ის პროფესორი (1996 წ.), საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი. მუშაობს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ელექტრომექანიკის კათედრაზე 1992 წლიდან. ამჟამად არის მიმართულების ასოც. პროფესორი; მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ბაკალავრებთან და მაგისტრანტებთან კითხულობს საგანს: “სამთო ელექტრომექანიკური სისტემების დინამიკა”. მაგისტრანტებთან კითხულობს საგნებს: ოპტიმიზაციის თეორია, ვიბროამძრავის და ვიბროტრანსპორტის თეორია, სამთო სპეციალური ტრანსპორტის დინამიკა.
ვ. ზვიადაურის კვლევის სფეროებია: ვიბრაციული ტექნიკა, მანქანათა დინამიკა, გამოყენებითი მათემატიკა და მექანიკა, წრფივი და არაწრფივი რხევების თეორია, ტრიბოლოგია, მათემატიკური მოდელირება.
მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის (მათ შორის, გამოგონებების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების) ავტორი.
საერთაშორისო და სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა: საქართველოს სამეცნიერო ფონდის გრანტი "ვიბრაციული სატრანსპორტო და ტექნოლოგიური მანქანების კომპლექსური კვლევა და მათი ახალი, მაღალმწარმოებლური კონსტრუქციების დამუშავება” (2009-2011 წწ., ხელმძღვანელი: ვ. ზვიადაური ); პოექტში მონაწილეობენ სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ელექტრომექანიკის მიმართულების თანამშრომლები; საერთაშორისო (CRDF-GRDF) სამეცნიერო გარნტი “STEP” ~მაღალი ხანგამძლეობის და ცვლადი ზომების წყვილთვალის დამუშავება” (2009 წ., ძირითადი შემსრულებელი ვ. ზვიადაური).