|
22-10-2011, 14:55
ხვალ, 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დაიხურება. დახურვას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრება. ფესტივალს, მუსიკალური ფორუმის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე, მასთან ერთად სოლისტები ნ. გუტმანი და ლ. ბათიაშვილი; ასევე, გორის ს. ცინცაძის სახ. სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის ბავშვთა გუნდი; ხალხური სიმღერის ანსამბლი "წინანდალი" და მაესტრო ა. ლევინის დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრი დაასრულებენ.
კონცერტზე შესრულდება პერგოლეზი - "STABAT MATER" ორი ნაწყვეტი; რ. კემულარია - „ნეტარ არს"; ჯ. ბეგლარიშვილი - „ალიხე - მალიხე" ; შუმანი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის ლა მინორი; სენ-სანსი - "HAVANAISE", მი მაჟორი ; მასნე "მედიტაცია"-ინტერმეცო ვიოლინოსა და ორკესტრისთვის ოპ. "ტაისის" თემაზე; ელგარი - კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის მი მინორი; ქართული ხალხური სიმღერები.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე 16 -23 ოქტომბერს ექვსი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. მათ შორის - ელისო ვირსალაძე, ედუარდ ბრუნერი, ნატალია გუტმანი, ბადრი მაისურაძე, ლიზა ბათიაშვილი, ლუიზ პელერინი, მინჩო მინჩევი, ვახტანგ კახიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, იტალიური კვარტეტი „კლეზმერატა ფიორენტინა". ფესტივალის დღეებში კონცერტი გამართეს პრესტიჟული მუსიკალური კონკურსების ლაურეატმა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლებმა საქართველოდან, იაპონიიდან, ისრაელიდან. თელავის მუსიკალური ფორუმში წელს მონაწილეობა 23 სოლისტმა (მათ შორის გერმანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან, ბულგარეთიდან), მთლიანად კი 200-მდე მუსიკოსმა მიიღო.
საფესტივალო საღამოებზე აუდიტორიამ მოისმინა მრავალფეროვანი პროგრამა, რომელშიც შევიდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ფოლკლორი, ქართული საგუნდო მუსიკა, საოპერო, ეთნო და ხალხური ნაწარმოებები. ფესტივალის ერთი კონცერტი - "ახალი სახელები" - დაეთმო ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს სამი ქვეყნიდან (საქართველო, ისრაელი, იაპონია). თელავის ფესტივალის ფარგლებში ტრადიციისამებრ ჩატარდა მასტერკლასები. ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს. ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებულ ფესტივალს (სახელწოდებით "ქება ვაზისა") ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა, არც ფორმატით (კონცერტების სერია და მასტერკლასები), არც მონაწილეთა შემადგენლობით და არც ასეთი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებით ქვეყნის რეგიონში. შემდგომ, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ობიექტური მიზეზების გამო, ფესტივალი წლების განმავლობაში აღარ ჩატარებულა.
2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ელისო ვირსალაძის ინიციატივით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში განახლებული სახით (ასევე, სახელწოდებით) აღდგა. სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადდა და სახელმწიფომ შეიძინა "Steinway & Sons"-ის საუკეთესო ორი საკონცერტო როიალი. წელს კლასიკური მუსიკის ფორუმი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გენერალური სპონსორია კავკასუს ონლაიანი, რომელიც მთელი საფესტივალო კვირის განმავლობაში ინტერნეტით ფესტივალის ონლაინ ჩვენებას უზრუნველყოფს.
ფესტივალი გენერალური სპონსორია კავკასუს ონლაინი; სპონსორები არიან სოკარ ჯორჯია, თიბისი ბანკი, საქართველოს ტურიზმის ნაციონალური სააგენტო, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია; პარტნიორები - თბილისის მერია, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი -წინანდალი, თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სასტუმროების ქსელი „რჩეული", სასტუმრო „ალაზნის ველი", „კარგო ლოჯისტიკ გრუპი", „ვი-თი ჯორჯია" ვინივერია; მედია პარტნიორები - საზოგადოებრივი მაუწყებელი - I არხი, ПИК; რუსთავი 2; 24 საათი; „ჯორჯია თუდეი"; თბილისი OUT; ცხელი შოკოლადი; M -Publishing; ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი", რადიო - მუზა, რადიო უცნობი. |
|