|
11-01-2013, 15:11
11 იანვარს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კონცერტი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღსანიშნად.
საღამოს დაესწრებიან მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, სერბეთის პატრიარქი, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის მიტროპოლიტი, ასევე საპატიო სტუმრები. კონცერტს ასევე დაესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები, მინისტრის მრჩევლები, მოწვეული სტუმრები.
კონცერტში მონაწილეობას იღებენ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორები ვახტანგ კახიძე და ზვიად ბოლქვაძე; სოლისტები ბადრი მაისურაძე, ლადო ათანელი, ირინა ალექსიძე, ანა აგლატოვა (დიდი თეატრის სოლისტი); თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, თბილისის ოპერის გუნდი; ანსამბლები ბასიანი, სუხიშვილები, ერისიონი, რუსთავი, ბავშვთა გუნდები მართვე, მძლევარი.
საიუბილეო საღამოზე შესრულდება საუკეთესო ნიმუშები ქართული ფოლკლორიდან-ტრადიციული ქართული მრავალხმიანობა, ქართული ცეკვები, საგალობლები და პატრიარქის ნაწარმოებები. კონცერტის რეჟისორია დავით საყვარელიძე.
სტუმრებს კონცერტზე საჩუქრად გადაეცემათ პატრიარქის ეპისტოლეების საიუბილეო გამოცემა. მასში თავმოყრილია პატრიარქის 1978-2012 წლების საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა.
საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. |
|