|
12-11-2011, 23:27
თბილისის თანამედროვე ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალი "არტისტერიუმი" 12 ნოემბერს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში, კონსტანტინე მინდაძის პროექტის - "ინტოქსიკაციები და ინსპირაციული ერორები" - ჩვენებით დასრულდა.
ფესტივალი 31 ოქტომბერს გაიხსნა. “არტისტერიუმი, პირველ ყოვლისა, ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ასევე ეს არის იმ დეფიციტის შევსება, რომელიც არსებობს თანამედროვე ხელოვნებაში, როგორც მხატვრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ვცდილობთ, ამ სფეროს განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. წლევანდელ ღონისძიებებში 100-მდე მხატვარი მონაწილეობს, მათ შორის 26 ჩამოსულია სხვადასხვა ქვეყნიდან”, – განაცხადა არტისტერიუმის კურატორმა და ორგანიზატორმა მაგდა გურულმა.
"არტისტერიუმის" ფარგლებში ექსპოზიციაზე 80 ხელოვანის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის 26 უცხოელის. ფერწერული და გრაფიკული ტილოების პარალელურად, გამოიფინა ინსტალაციები. ზოგიერთმა ხელოვანმა კი პერფორმანსი წარმოადგინა. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მხატვრები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, მექსიკა, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბელორუსია, ლიტვა, თურქეთი, გერმანია, ირნლანდია და სომხეთი.
როგორც პროექტის ორგანიზატორმა, მაგდა გურულმა განაცხადა, "არტისტერიუმმა" დედაქალაქის თითქმის ყველა საგამოფენო სივრცეს მოიცვა. თუმცა ნამუშევრების უმეტესი ნაწილი ეროვნულ გალერეასა და "ქარვასლაში" იყო წარმოდგენილი.
“არტისტერიუმი” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული და 2008 წლიდან ტარდება. წელს, სხვა მხარდამჭერებთან ერთად, ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. |
|