საქართველოში ვიზიტით მყოფი ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯან კარლო პერინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. პერინიმ მათთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პერინის ვიზიტის მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრა. იტალიელ სტუმარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. რეფორმებს შორის, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, მნიშვნელოვანი ადგილი სტუდენტებს შორის მეცნიერების პოპულარიზაციას უკავია, ასევე პრიორიტეტულია ინჟინერიის, ტექნოლოგიების და ზუსტი მეცნიერებების კიდევ უფრო განვითარება. ამ ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო გამოჩენილ მეცნიერებსა და მეცნიერ-გამომგონებლებს მათი ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში იწვევს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში და სამრეწველო დიზაინის სფეროში მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით მოხდა დოქტორ ჯან კარლო პერინის საქართველოში მოწვევა.
შაშკინის განცხადებით, სახელგანთქმულ იტალიელ გამომგონებელთან თანამშრომლობა სამინისტროსა და უმაღლეს დაწესებულებათა სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში იტალიელი ექსპერტი საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს და მათთან ერთად განიხილავს მომავალი თანამშრომლობის ფორმატს.