პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი დასრულდა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა.
პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორის, თეოდორე ზარქუას განცხადებით, 27 ნოემბერს, პარალელურად თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, რომელიც მოიცავს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს, უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით. ტრადიციულად, ამავე დღეს ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური პირველობა. ამ შეჯიბრების მომდევნო დღეს კი პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა. ღონისძიების დახურვა ჩატარდა 29 ნოემბერს.
პირველი ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა 2000 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ღონისძიების პირველი დირექტორი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი, ზურაბ გოგიშვილი. ამ ღონისძიებას 2001 და 2002 წლებშიც სტუ-მ უმასპინძლა. 2003 და 2004 წლებში სამხრეთ კავკასიის გუნდებმა თავი მოიყარეს ერევანში, სადაც შეჯიბრებას უმასპინძლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამავე დაწესებულებამ უმასპინძლა ღონისძიებას 2006 წელსაც. 2005, 2007 და 2008 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 2009 წელს ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.
2010 წელს, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, შეჯიბრების მასპინძელი კვლავ საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა, წელსაც, უკვე მეხუთედ, შეჯიბრება ჩატარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტს სათავეში რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი ჩაუდგა.
მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამართლიანად მიიჩნევა ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად მსოფლიოში. იგი ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის მიერ და ცნობილია დასახელებით ACM ICPC (International Collegiate Programming Contest).
ე.წ. ჩრდილო აღმოსავლეთ ევროპის ნახევარფინალური რეგიონი (NEERC – North-Eastern European Regional Contest), რომელშიც შედის სამხრეთ კავკასიის ჯგუფი, ერთ-ერთი უდიდესია იმ 40-ზე მეტ ნახევარფინალურ რეგიონს შორის, რომლებადაც დღეისთვის დაყოფილია მსოფლიო (მთლიანად მოიცავს პოსტსაბჭოთა სივრცეს, მოლდავეთისა და უკრაინის გარდა) და ნამდვილად ყველაზე ძლიერია თავისი შემადგენლობით. საკმარისია ითქვას, რომ ამ ნახევარფინალიდან ფინალში, რომლის მონაწილეთა საერთო რაოდენობა ბოლო წლებში 100-ს უდრის, დაიშვება 11-12 გუნდი, რომლებიც, როგორც წესი, ფინალში საპატიო ადგილებს იკავებენ. მაგალითად, 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამ რეგიონის გუნდებმა დაიკავა შემდეგი ადგილები: 1, 3, 4, 8, 11. ანუ სულ 12 საპრიზო ადგილიდან (4-4 ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს) თითქმის ნახევარი ამ რეგიონის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
სამხრეთ კავკასიის საუკეთესო გუნდის სახელის მოსახვეჭად იბრძოდნენ შემდეგი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის რუსულ-სომხური სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი; გარდა ამისა, საქართველოს წარმოადგენდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობისთვის თავი მოიყარა სულ 40-მა გუნდმა. აქედან 24 წარმოადგენდა საქართველოს, 10 სომხეთს და 6 აზერბაიჯანს. გუნდების ასეთი რაოდენობა ნახევარფინალში სამხრეთ კავკასიას არც ერთ გასულ შეჯიბრებაზე არ ჰყოლია.
წელს სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის მონაწილეთა შორის იყო რამდენიმე ძლიერი გუნდი, დაკომპლექტებული მონაწილეებით, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არა აქვთ უფლება გამოვიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის არიან პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გასული წლების პრიზიორები, თოპკოდერის უმაღლესი რეიტინგის მფლობელები, გუგლის კონტესტების ნომინანტები, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის გასული წლების გამარჯვებულები და პრიზიორები.
თავიდანვე დაწინაურდა რუსულ-სომხური უნივერსიტეტის გამოცდილი გუნდი, რომელსაც კვალში ჩაუდგა თსუ-ის პირველი გუნდი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეს ორივე გუნდი იყო ნახევარფინალის მონაწილეთა პირველ 20-ეულში, რაც კარგ შანსს ტოვებდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად ბრძოლისთვის. თუმცა ორივე გუნდი შეყოვნდა 4 ჩაბარებული ამოცანის შემდეგ. საბოლოოდ 4-4 ამოცანა გააკეთა თბილისში მოასპარეზე კიდევ 2-მა ნახევარფინალისტმა (ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველმა და თსუ-ის მესამე გუნდებმა) და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ფინალში გასასვლელად. ფინალში გავიდა გუნდები, რომელთაც 6 და მეტი ამოცანა ჩააბარეს.
თბილისში კი მძიმე სტარტის შემდეგ მაღალი კლასი დაადასტურა ნიკა ჯიმშელეიშვილისა და დავით თვალჭრელიძის გუნდმა, რომელმაც 7 ამოცანა ამოხსნა. ეს გუნდი მონაწილეობდა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატში. 4-ამოცანიან გუნდებს შეუერთდა გამოცდილი ოლიმპიელებით (ანდრეი ლუცენკო და გიორგი საღინაძე) დაკომლექტებული კიდევ ერთი ნახევარფინალში არმონაწილე გუნდი. საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიის ღია უნდურ ჩემპიონატზე პირველი 6 ადგილი განაწილდა ასე: გაიმარჯვა ჯიმშელეიშვილისა და თვალჭრელიძის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა რუსულ-სომხური უნივერსიტეტის პირველი გუნდი, მესამეზე თსუ-ის პირველი გუნდი (ელდარ ბოგდანოვი, ლევან ვარამნაშვილი, ირაკლი მერაბიშვილი, მწვრთნელი გიორგი საღინაძე), მეოთხეზე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გუნდი, მეხუთეზე ზემონახსენები გუნდი შემადგენლობით ლუცენკო-საღინაძე, მეექვსეზე კი გავიდა თსუ-ის მესამე გუნდი (ზურაბ ისაკაძე, ნოდარ ამბროლაძე, გიორგი შავგულიძე, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი). ყველა ამ გუნდმა დაიმსახურა პირველი ხარისხის დიპლომები. სასიხარულოა, რომ საკმაიოდ დიდი პაუზის შემდეგ მესამე ხარისხის დიპლომანტებს შორის აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (გიგა კოკაია, ცოტნე ფუტკარაძე, გიორგი ძნელაძე, მწვრთნელი თეოდორე ზარქუა) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (გიორგი ჯავახაძე, დავით ჭელიშვილი, დავით ხაჭაპურიძე, მწვრთნელი მელქისედეგ ჯინჯიხაძე) გუნდები. ოლიმპიადის ნომინანტებს შორის აღმოჩნდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის თითო გუნდი. ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებს – მათგან ორმა დაიმსახურა მეორე ხარისხის დიპლომები, ხოლო კიდევ ერთმა – მესამე ხარისხის დიპლომები.
ზარქუას განცხადებით, საბოლოოდ, გუნდურმა შეჯიბღებამ დაგვანახა, რომ სამხრეთ კავკასიის გუნდებს ბევრი მუშაობა მართებთ, რათა რეალურად შეძლონ ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად. ამავე დროს სასიხარულოა შეჯიბრების მონაწილეთა გაზრდის ტენდენცია, რასაც ხარისხის გაუმჯობესებაც უნდა მოჰყვეს.
პირად შეჯიბრებაზე სულ იასპარეზა 57-მა სტუდენტმა. პირველი ადგილი 7 შესრულებული ამოცანით დაიკავა თსუ-ის მაგისტრანტმა, ელდარ ბოგდანოვმა, მეორე ადგილზე გავიდა ჰაიკ სარიბეკიანი რუსულ-სომხური უნივერსიტეტიდან, მესამეზე კი ირაკლი ხომერიკი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პიველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან. მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა სტუ-ის წარმომადგენელმა, ავთანდილ რუხაძემ. ნომინანტებს შორის აღმოჩნდა თსუ-ის კიდევ 3 წარმომადგენელი და თავისუფალი უნივერსიტეტის 1 სტუდენტი. შეჯიბრებამ დაადასტურა ის პროგრესი, რომელიც აქვთ სომეხ და, განსაკუთრებით, აზებაიჯანელ კოლეგებს. ეს კი მოითხოვს საქართველოს წარმომადგენლებისგან მეტ მუშაობას, რათა უახლოეს დროში მოხდეს სამხრეთ კავკასიაში წამყვანი პოზიციების დაბრუნება.
მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი ნახევარფინალის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების პროგრამისტულ რეიტინგლისტში სამხრეთ კავკასიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა რუსულ-სომხურმა უნივერსიტეტმა, ამჯერად და პირველად ამ ოლიმპიადების ისტორიაში თსუ მეორეზეა, მესამეზეა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეოთხეზე კი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. სარეიტინგო ქოლები მოიპოვა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.
"თავს ვალდებულად ვთვლი ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ღონისძიება მთლიანობაში ძალზე მაღალ დონეზე ჩატარდა. უშუალოდ შეჯიბრებების დროს მონაწილეებს პრაქტიკულად არანაირი ტექნიკური და ტექნოლოგიური პრობლემა არ ქონიათ. ყოველივე ეს განაპირობა საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართული სტუ-ს უკლებლივ ყველა თანამაშრომლის მონდომებამ და პასუხისმგებლიანობამ, ხელმძრვანელობის და, პირველ რიგში, რექტორის მხარდაჭერამ", - განაცხადა ზარქუამ.