|
29-11-2013, 20:32
1-ელ დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტსა და თბილისში, პარალელურად, ტარდება 2013-2014 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ზონისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს წელს მეშვიდედ მასპინძლობს.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ეს ზონა თითქმის მთლიანად ფარავს პოსტსაბჭოთა სივრცეს (უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით) და უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. საკმარისია ითქვას, რომ აგერ უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც მედალოსნების ნახევარი ამ ზონას წარმოადგენს.
თბილისში თავს მოიყრიან სამხრეთ კავკასიის საუკეთესო სტუდენტი პროგრამისტები. ნახევარფინალის ყველა მონაწილე ავტომატურად მონაწილეობს სამხრეთ კავკასიის ღია გუნდურ ჩემპიონატში. ამ ჩემპიონატში წელს მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო მოსწავლეებისგან შედგენილი რამდენიმე გუნდი, ასევე ”ვეტერანების” გუნდები. “ვეტერანებში” გაერთიანებულნი არიან სტუდენტები, რომლებმაც ამოწურეს მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის ლიმიტი. სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა ჩატარდება 2 დეკემბერს.
პირველი ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის 2000 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა. ღონისძიების პირველი დირექტორი იყო სტუ-ის წარმომადგენელი ზურაბ გოგიშვილი. სტუ-მ უმასპინძლა ამ ღონისძიებას 2001 და 2002 წლებშიც. 2003, 2004 და 2006 წლებში სამხრეთ კავკასიის გუნდებმა თავი მოიყარეს ერევანში, სადაც შეჯიბრებას უმასპინძლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამ წლებში ღონისძიების დირექტორი იყო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვაგრამ დუმანიანი. 2005, 2007 და 2008 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 2009 წელს ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა. 2010 წელს, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, შეჯიბრების მასპინძელი კვლავ საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. ამ წლიდან მოყოლებული, შეჯიბრებას მხოლოდ სტუ მასპინძლობს. ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელოს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ჟიურის თავმჯდომარეა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ტექნიკური კომპიტეტის თავმჯდომარეა პროფესორი ზურაბ წვერაიძე, ხოლო შეჯიბრების დირექტორია პროფესორი თეოდორე ზარქუა.
მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამართლიანად მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად მსოფლიოში. იგი ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის მიერ და ცნობილია დასახელებით ACM ICPC (International Collegiate Programming Contest).
სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად 2008-2009 წლების სეზონში გავიდა. სასიხარულოა, რომ ეს იყო საქართველოს წარმომადგენელი და ორმაგად სასიხარულოა, რომ იგი პრიზიორთა შორის აღმოჩნდა. ეს იყო თსუ-ის გუნდი (ნიკა ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, გიორგი ლეკვეიშვილი, მწვრთნელი თეოდორე ზარქუა), რომელმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ცხადია, ასეთი ძლიერი ზონიდან ფინალში გასვლა უაღრესად რთულია. და ჯერჯერობით სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში მეორედ არც გასულა.
“ძალთა რეალური შეფასება იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ მძაფრი ბრძოლა სამხრეთ კავკასიის საუკეთესო გუნდის სახელის მოსახვეჭად სულ ცოტა 7 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს შორის. ესენია ერევნის რუსულ-სომხური სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და ბაქოს უნივერსიტეტი “ქავგაზი”. მძაფრი ბრძოლა სამხრეთ კავკასიის პირველობისთვის ხელს შეუწყობს ისეთი შედეგის მიღწევას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის იქნება აუცილებელი. ამ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმოადგენს თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ-ის ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და, პირველად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს სულ 53 გუნდი. აქედან 26 წარმოადგენს საქართველოს, 14 – სომხეთს და 13 – აზერბაიჯანს. აქამდე ამდენი გუნდი სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალურ ჯგუფში არ ყოფილა.
სავარაუდოდ, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატზე უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაებმება მოსწავლეთა ნაკრები გუნდები. ამ მოსწავლეებისგან ახლო მომავალში თვალსაჩინო შედეგებს ველოდებით სტუდენტების სტატუსში”, – აცხადებს თეოდორე ზარქუა. |
|