|
29-11-2012, 21:08
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეექვსედ მასპინძლობს პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს. 2 დეკემბერს თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში -პარალელურად - ჩატარდება პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, რომელიც მოიცავს მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეს უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით. ტრადიციულად, ამავე დღეს ჩატარდება სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური პირველობა. 4 დეკემბერს ჩატარდება პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა. ღონისძიების დახურვა ჩატარდება ოთხშაბათს, 5 დეკემბერს.
პირველი ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა 2000 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ღონისძიების პირველი დირექტორი იყო სტუ-ს თანამშრომელი, ზურაბ გოგიშვილი. 2001 და 2002 წლებშიც ამ ღონისძიებას უმასპინძლა სტუ-მ. 2003 და 2004 წლებში სამხრეთ კავკასიის გუნდებმა თავი მოიყარეს ერევანში, სადაც შეჯიბრებას უმასპინძლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამავე დაწესებულებამ უმასპინძლა ღონისძიებას 2006 წელსაც. 2005, 2007 და 2008 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 2009 წელს ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.
2010 და 2011 წლებში, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, შეჯიბრების მასპინძელი კვლავ საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. მიმდინარე წელსაც შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი, სათავეში ჩაუდგა ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტს. შეჯიბრების ჟიურის თავმჯდომარეა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ხოლო ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე - პროფესორი ზურაბ წვერაიძე.
პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ნახევარფინალისა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის დირექტორის, თეოდორე ზარქუას განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამართლიანად მიიჩნევა ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად მსოფლიოში. იგი ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის მიერ და ცნობილია დასახელებით ACM ICPC (International Collegiate Programming Contest).
როგორც თეოდორე ზარქუა აცხადებს, ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ნახევარფინალური რეგიონი (NEERC – North-Eastern European Regional Contest), რომელშიც შედის სამხრეთ კავკასიის ჯგუფი, ერთ-ერთი უდიდესია იმ 40-ზე მეტ ნახევარფინალურ რეგიონს შორის, რომლებზედაც დღეისთვის დაყოფილია მსოფლიო და ნამდვილად ყველაზე ძლიერია თავისი შემადგენლობით. საკმარისია ითქვას, რომ ამ ნახევარფინალიდან ფინალში, რომლის მონაწილეთა საერთო რაოდენობა 2012 წელს (ანუ, ბოლო ფინალზე) 112-ს უდრიდა, დაიშვა 16 გუნდი. და, როგორც წესი, ფინალში ამ რეგიონის გუნდები მაღალ ადგილებს იკავებენ. მაგალითად, 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამ რეგიონის გუნდებმა დაიკავა შემდეგი ადგილები: 1, 3, 5, 10, 12. ანუ სულ 12 საპრიზო ადგილიდან (4-4 ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს) თითქმის ნახევარი ამ რეგიონის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად 2008-2009 წლების სეზონში გავიდა. სასიხარულოა, რომ ეს იყო საქართველოს წარმომადგენელი და ორმაგად სასიხარულოა, რომ იგი პრიზიორთა შორის აღმოჩნდა. ეს იყო თსუ-ს გუნდი (ნიკა ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, გიორგი ლეკვეიშვილი, მწვრთნელი თემურ ზარქუა), რომელმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ცხადია, ასეთი რეგიონიდან ფინალში გასვლა უაღრესად რთულია. და ჯერჯერობით სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში მეორედ არც გასულა.
"ძალთა რეალური შეფასება იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ მძაფრი ბრძოლა სამხრეთ კავკასიის საუკეთესო გუნდის სახელის მოსახვეჭად სულ ცოტა 6 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს შორის. ესენია ერევნის რუსულ-სომხური სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და ბაქოს უნივერსიტეტი “ქავგაზი”, რომელსაც სერიოზული პროგრესი აქვს ბოლო რამდენიმე წელია. მძაფრი ბრძოლა სამხრეთ კავკასიის პირველობისთვის ხელს შეუწყობს ისეთი შედეგის მიღწევას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის იქნება აუცილებელი. ამ შეჯიბრებაზე საქართველო წარმოდგენილია თსუ-ს და თავისუფალი უნივერსიტეტის 4-4 გუნდით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 3-3 გუნდით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტის 2-2 და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 გუნდით. თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობისთვის დაიშვა სულ 51 გუნდი. აქედან 27 წარმოადგენს საქართველოს, 15 სომხეთს და 9 აზერბაიჯანს. გუნდების ასეთი რაოდენობა ნახევარფინალში სამხრეთ კავკასიას არც ერთ გასულ შეჯიბრებაზე არ ჰყოლია", - აცხადებს თეოდორე ზარქუა.
მისი განცხადებით, წელს სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის მონაწილეთა შორის გარდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილე გუნდებისა, იქნება რამდენიმე ძლიერი გუნდი, დაკომპლექტებული მონაწილეებით, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არა აქვთ უფლება გამოვიდნენ სტუდენტთა შორის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში. ეს იქნება პირველ რიგში უძლიერესი მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები. მონაწილეთა შორის იქნება აგრეთვე გასული წლების წარმატებული ოლიმპიელები, რომელთაც ამოწურეს მსოფლიო ჩემპიონატებში გამოსვლის ლიმიტი.
"წელს თბილისში ცენტრალური ჟიურის ერთ-ერთ წარმომადგენელია თოპკოდერის წლევანდელი ღია კონტესტის გამარჯვებული, ფაქტობრივად პროგრამირებაში ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი, ეგორ კულიკოვი. შეგახსენებთ, რომ კულიკოვი იყო მსუ-ს იმ გუნდის წევრი, რომელიც აღმოჩნდა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასის პირველი მფლობელი. სწორედ ეგორ კულიკოვმა გაიმარჯვა ილია ვეკუას თასზე პირველი საერთაშორისო ოლიმპიადის პირად შეჯიბრებაში. წარმატება ვუსურვოთ ჩვენ შესანიშნავ ახალგაზრდებს ამ ფრიად საპრესტიჟო და მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე", - აცხადებს იგი. |
|