|
4-12-2011, 14:04
ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექში გამართული რიგით მეცხრე საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ქართული ჯგუფი "Candy" გახდა. ჯგუფმა 108 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა. ჰოლანდიის წარმომადგენელმა რეიჩელმა - 103 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ბელორუსის წარმომადგენელი ლიდია ზაბლოცკაია - 99 ქულით მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
2011 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 13 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა ერევანში კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში ჩატარდა და სომხეთის მაუწყებელმა (AMPTV) უმასპინძლა.
ჯგუფ "Candy"-ის წევრების ასაკი 10-იდან 15 წლამდეა. ხუთივე გოგონა მომღერალია: მარიამ ღვალაძე, ირა კოვანენკო, გვანცა სანებლიძე, ირინა ხეჩანოვი და ანა ხანჩალიანი.
საქართველოს სახე საბავშვო ევროფესტივალზე 14 წლის ელენე მაყაშვილი იყო. ის ევროპას საქართველოდან ხმის მიცემის შედეგს აცნობდა.
საბავშვო "ევროვიზიაში" 13 ქვეყანის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ესენია: 1) რუსეთი - კატია რიაბოვა, სიმღერით ,,Kak Romeo I Julietta“(As Romeo and Juliet ); 2) ლატვია – ამანდა ბაშმაკოვა, სიმღერით ,,Moondog''; 3)მოლდოვა – ლერიკა,სიმღერით ,,No-No“; 4) სომხეთი – დალიტა, სიმღერით ,,Welcome to Armenia”; 5)ბულგარეთი – ივან ივანოვი, სიმღერით ,,Supergeroy“(Superhero); 6)ლიტვა – პაულინა , სიმღერით ,,Debesys“(Clouds); 7)უკრაინა – კრისტალი , სიმღერით ,,Evropa“(Europe); 8) მაკედონია –დორიან დლაკა, სიმღერით ,,Zhimi ovoj frak“(I Swear by this Tailcoat); 9)ჰოლანდია – რეიჩელი , სიმღერით ,,Ik Ben Een Teenager“; 10)ბელარუსი – ლიდია ზაბლოცკაია , სიმღერით ,,Angely dobra’’(Angels of Goodness); 11)შვედეთი - ერიკ რაფი, სიმღერით ,,Faller"; 12)საქართველო –ჯგუფი ,,Candy“, სიმღერით ,,Candy Music“ ; 13) ბელგია – ფემკე , სიმღერით ,,Een Kusje Meer!“(One more Kiss).
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.
საქართველო საბავშვო ევროფესტივალის ფინალისტი მეორედ გახდა. 2008 წელს კვიპროსზე ლიმასოლში ჯგუფმა ,,ბზიკებმა” გამარჯვება მოიპოვა.
2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფის 'Candy' მხარდასაჭერად, სომხეთში ჯგუფ "ბზიკების" წევრები იმყოფებოდნენ და ევროვიზიის კვირეულში მონაწილეობდნენ. "ბზიკების" წევრები ერევანს მასპინძელი მაუწყებლის ინიციატივით, საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვივნენ.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსში წელს მეხუთედ მონაწილეობდა. 2007 წელს მარიამ რომელაშვილმა როტერდამში მე-4 ადგილი დაიკავა; 2008 წელს კვიპროსზე საქართველოს წარგზავნილმა ჯგუფმა “ბზიკებმა” გამარჯვება მოიპოვა; 2009 წელს კიევში ჯგუფმა "პრინცესებმა" მეექვსე ადგილი დაიკავა; 2010 წელს მინსკში მარიამ კახელიშვილმა, სიმღერით „მარი–დარი“ მეოთხე ადგილი დაიმსახურა; 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა “Candy”, სიმღერით “Candy Music“ პირველი ადგილი მოიპოვა.
2012 წლის საბავშვო ევროვიზიას ჰოლანდია უმასპინძლებს. |
|