|
4-12-2011, 16:10
5-6 დეკემბერს საქართველო მასპინძლობს ქ. იულიხის (გერმანია) სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციას ვიცე-დირექტორის პროფ. სებასტიან შმიდტის ხელმძღვანელობით.
5 დეკემბერს ჩატარდება მასპინძელი ორგანიზაციების (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) წარმომადგენლებისა და გერმანელი დელეგაციის შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან; 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის №135 საკონფერენციო დარბაზში (თსუ, II კორპუსი) პროფ. დოქტორი ჰანს შტროერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”მეცნიერების საზღვრები”.
6 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დარბაზში შმიდტი იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა დარგში მიმდინარე კვლევების შესახებ საინფორმაციო მოხსენებას გააკეთებს. უნივერსიტეტის შესაბამის ჯგუფებსა და ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია და სამომავლოდ დაამყარონ სამეცნიერო კონტაქტები გერმანელ პარტნიორებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში უნივერსიტეტის სტუდენტთა მოკლევადიანი სავიზიტო პროგრამების განხილვა და შესაბამის შეთანხმებაზე ხელმოწერა; იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების გაცვლითი პროგრამების შესახებ მემორანდუმის განხილვა და ხელმოწერა. |
|