|
7-12-2011, 20:46
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი “შემოდგომის ლეგენდა” დასრულდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გამარჯვებულები დააჯილდოვეს. გამოვლინდნენ კონკურსის საპრიზო ადგილის მფლობელები, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია და კომპანია "ჯეოსელის" სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. წლევანდელმა გამრჯვებულმა კონკურსის მხარდამჭერის - დასასვენებელ კომპლექსს "ლოპოტას" - სპეციალური პრიზიც მიიღო. პირველი ადგილი წილად ხვდა იოანე ფეზუაშვილს (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი), მოთხრობისთვის "ალჩუ", მეორე საპრიზო ადგილი მაგდა ბატიაშვილს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მოთხრობისთვის "ოთხი სტიქია", ხოლო მესამე ადგილი ნინო ტეფნაძეს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), მოთხრობისთვის "იუკი, დარჩი!" "ჯეოსელმა" დააჯილდოვა "ჟიურის სიმპათიაც" - გიორგი ბაიდაური, მოთხრობისთვის "პეპელას აფექტი" (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი).
I ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცა 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო, II ადგილზე გასულს – 700 ლარი, III ადგილზე – 500 ლარი.
დაჯილდოების საღამოზე კონკურსის იმპროვიზაციული ტურის ფოტოგამოფენა და 2011 წლის ბროშურის პრეზენტაციაც გაიმართა.
კონკურსს კომპანია “ჯეოსელი” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე წელია ატარებენ. წელს ამ კონკურსში მონაწილეობდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც, სულ 9 აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შესარჩევ ეტაპზე 190 სტუდენტმა წარადგინა თავისუფალ თემაზე დაწერილი პროზაული ნაწარმოები. პირველი ტურის ჟიური ცხრა სასწავლებლის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა. მათ 15 საუკეთესო ნაწარმოების ავტორი გამოავლინეს: ქეთევან ახვლედიანი, გიორგი ბადიაური, მაგდა ბატიაშვილი, სალომე დვალი, გვანცა ვაჩაძე, მადონა თხელიძე, ანი ლაზვიაშვილი, ნინო სამხარაძე, სალომე სამხარაძე, მარიამ ტაბაღუა, ნინო ტეფნაძე, იოანე ფეზუაშვილი, სალომე შენგელია, დავით ჩიხლაძე და ქეთევან ჯანანაშვილი.
მეორე ტურის მონაწილეები ლოპოტას ტბაზე 2 ნოემბერს გაემგზავრნენ. ჟიურის შემადგენლობაშიც შედიოდნენ დავით ტურაშავილი, დავით ქართველიშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, თამთა მელაშვილი და მაკა ლდოკონენი.
კონკურსის დევიზია “შექმენი ახალი ლეგენდა და გააცანი შენი ნაშრომი მთელ საქართველოს”. "შემოდგომის ლეგენდა" კახეთში, ლოპოტას ტბაზე გაიმართა. წლევანდელი კონკურსის თემა "პეპლის ეფექტი," სლოგანი კი "მწვანე მარმარილოს საიდუმლო" იყო. წლევანდელ კრებულში შვიდი საუკეთესო ნაწარმოები შევიდა. |
|