|
27-12-2011, 01:44
ახალი ყოველკვარტალური სამეცნიერო ჟურნალის, `ბიზნეს-იჟინერინგის" პირველი ნომერი გამოვიდა. ეს სოლიდური გამოცემა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი სრულყოფის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის იმედისმომცემ და საპასუხისმგებლო ეტაპზე იწყებს დამკვიდრებას. მისი დამფუძნებლები და სარედაქციო კოლეგიის წევრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები არიან.
ჟურნალის მთავარი რედაქტორის, სრული პროფესორის, ალექსანდრე სიჭინავას მკითხველისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ `ბიზნეს-ინჟინერინგი (Business-engineering) ბიზნესსისტემების განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც საინჟინრო მიდგომებს ემყარება და დღევანდელობის ყველაზე აქტუალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება". ეს ინტერდისციპლინარული სფერო ხელს უწყობს აქტუალური, თანამედროვე პრობლემების გადაწყვეტას ეკონომიკაში, ინჟინერიაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, აერონავტიკაში, ბიომედიცინასა და სხვა დარგებში.
ჟურნალის პირველი ნომერი იხსნება რუბრიკით `ბიზნეს-ინჟინერინგის თეორიული ასპექტები", რომელშიც დაბეჭდილია გიორგი ძიძიგურის, ზურაბ ზურაბიშვილის, ხათუნა მხეიძის, თინათინ დათიაშვილის, შორენა გონგლაძის, თურქი ავტორების – უგურ დემირეის და ილკნურ ისტიფსის, თამარ ლომინაძის, გურამ ჯოლიას, მერაბ გველესიანის, დალი სეხნიაშვილის შრომები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცადინეობის ხარისხის ამაღლების მიღწეულ შედეგებს, ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში საზოგადოების პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელის ტრანსფორმაციის, მარკეტინგის, როგორც ბიზნეს-ინჟინერინგის ფუძეთაფუძის, საკითხებს, თანამედროვე ეკონომიკური კრიზისის ფუნდამენტურ თეორიულ ასპექტებს.
რუბრიკა `ბიზნეს-პროცესების მართვის ტექნოლოგიები" იხსნება სრული პროფესორის, გოდერძი ტყეშელაშვილის სტატიით, საინჟინრო გადაწყვეტათა ეკონომიკური შეფასების შესახებ. აქვე განთავსებულია ვალიდა სესაძის, გელა ჭიკაძის, ნელი სესაძის, ვლადიმერ კეკენაძის, გიორგი ნანუაშვილის, ლამარა მინდორაშვილის, მაკა ხართიშვილის, ლილი პეტრიაშვილის, მაია ოხანაშვილის, ზურაბ ჩხაიძის ნაშრომები ეკონომიკური სისტემების ანალიზის სინერგეტიკული მეთოდების და კატასტროფების თეორიის გამოყენების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური რესურსების მართვის, მარკეტინგის სისტემაში კომუნიკაციების როლის, ინტერნეტის, როგორც მარკეტინგის ინსტრუმენტის გამოყენების აქტუალობის, სწავლების პროცესის ფორმალიზაციისა და მოდელირების შესახებ.
მესამე რუბრიკა `საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობის ეკონომიკურ შეფასებებს" ეძღვნება და გვაცნობს ალექსანდრე ედიბერიძის, მიხეილ ქანთარიას, ევგენი ბარათაშვილის, თამარ როსტიაშვილის, ნოდარ გრძელიშვილის, ირაკლი შათაშვილის და სხვათა სტატიებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ავტოსინქრონიზაციის პროცესებს სუპერსისტემებში, მართვის შედეგიანობის შეფასებას, მისი ეფექტიანობის ამაღლებას და სხვ.
`ბიზნესის განვითარების მიზნებსა და მიმართულებებს" ასახავს გოდერძი ტაბატაძის და ნაილი კბილაძის, კობა სოხაძის და თინათინ სოხაძის, რუსუდან ქუთათელაძის, ანა ბოლქვაძის, გიორგი ცაავას, გრიგოლ ლომიძის, დავით ცაავას, თინათინ მშვიდობაძის სტატიები, ბუნებრივი გაზის გამოყენების, შრომის ბაზრის და დასაქმების პრობლემების, უმაღლეს სასწავლებლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფულად-საკრედიტო სისტემების, კომერციული ბანკების ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტების, ბიზნესგადაწყვეტილებების მიღების მხარდამჭერი ინფორმაციული სისტემების შესახებ.
რუბრიკა `ინოვაციები და ინვესტიციები" იხსნება სოსო ჩხაპელიას სტატიით _ `მსოფლიოში ცნობილი ბრენდი ` KALMATRON" ამიერიდან საქართველოშიც იწარმოება". აქვე დაბეჭდილია დავით ჯაფარიძის და ზვიად გაჩეჩილაძის ნაშრომი ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელების პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკაში, რომელსაც მოსდევს რამაზ ოთინაშვილის და აკაკი გვარუციძის საინტერესო სტატიები ინოვაციური განვითარების შესახებ.
ახალი ჟურნალი `საინჟინრო საქმიანობის სამართლებრივ-საექსპერტო და სოციალურ ასპექტებსაც" მოიცავს. თენგიზ გრიგოლიას, პარმენ ლემონჯავას, ირაკლი გაბისონიას და მიხეილ ქანთარიას ნაშრომებში წინა პლანზე არის წამოწეული საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების სოციალური შედეგიანობის მრავალპლანიანი თემები, რაც მეტად აქტუალური მიმართულებაა.
დაბოლოს, ამდენი ფუნდამენტური საკითხის განხილვის შემდეგ ჟურნალში მკითხველისთვის სახალისო სტილის მასალაცაა წარმოდგენილი. რუბრიკაში `ეს საინტერესოა" დაბეჭდილია ზურაბ ჩხაიძის სტატია `პარეტოს დისბალანსის პრინციპი" და თამაზ ნუცუბიძის `მსოფლიო აბლაბუდა". ეს ნაშრომები რთულ და სასარგებლო საკითხებს უაღრესად გასაგებ და სახალისო სტილში გვაწვდის. |
|