|
10-07-2012, 13:11
სამეცნიერო ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის” 2012 წლის მეორე, უკვე ტრადიციულად მაღალ მეცნიერულ და პოლიგრაფიულ დონეზე, QR-კოდის თანხლებით გამოცემული ნომერი მკითხველმა უკვე მიიღო. ჟურნალის ელექტრონული ვერსიაც პარალელურ რეჟიმში გამოიცა და ატვირთულია საიტზე – bpengi.com.
ჟურნალის თერთმეტ რუბრიკაში 57 ქართველი და უცხოელის 35 ნაშრომია დაბეჭდილი. სტატიების ავტორთა შორის არიან მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები, სრული, ასოცირებული, ასისტენტ პროფესორები და დოქტორანტები.
როგორც წინა, პირველი ნომერი, ჟურნალის ეს ნომერიც “ბიზნეს-ინჟინერინგის თეორიული ასპექტების” რუბრიკით იხსნება, რომელშიც პროფესორების – ირინა გოგორიშვილის, რუსუდან ქუთათელაძის, ლუარა გვაჯაიას და შცეიცარიელი პროფესორის, რობერტ ვინთერის ინგლისურენოვანი სტატიებია დაბეჭდილი. ეს რუბრიკა ძირითადად აგრძელებს პირველ ნომერში ამავე რუბრიკით დაბეჭდილი მასალის მიმართულებას.
“სწავლების გაუმჯობესების ტექნოლოგიების” რუბრიკა იხსნება მადონა კოპალეიშვილის, ნელი მახვილაძის და ირინა ბედინაშვილის სტატიით, რომელშიც ავტორები ისეთ მნიშვნელოვან სფეროს ეხებიან, როგორიცაა ცოდნის შეფასების მეთოდები და საქართველოს საინოვაციო პოტენციალი. ამავე რუბრიკაში სასკოლო განათლების დაფინანსებას და ქვეყნის მდგრად განვითარებას ეხება გიორგი მაჩაბლის სტატია, ნინო კუპრაშვილის მიერ კი შემოთავაზებულია ქართული საგანმანათლებლო სისტემის მოკლე ისტორიული მიმოხილვა.
შემდეგი რუბრიკა _ “საინჟინრო-საკონსულტაციო სამუშაოების ეკონომიკური შეფასებები” რამდენიმე მთავარ მიმართულებას მოიცავს. ამ რუბრიკაში დაბეჭდილი ალექსანდრე ედიბერიძის, მალხაზ ნიკოლაიშვილის, რევაზ ველიჯანაშვილის, ნუგზარ ნავაძის, კონსტანტინე მჭედლიშვილის, ალექსანდრე ედიბერიძის და მიხეილ ქანთარიას ნაშრომები ეხება ელექტრონული კომერციის, საქართველოს ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგებსა და პერსპექტივებს. აქვე რუსულ ენაზეა დაბეჭდილი ამირან ჩავლეიშვილის, ვასილი მოტიაშვილის, ქეთევან არჩვაძის (რომელმაც სულ ახლახანს წარმატებით დაიცვა აკადემიური დოქტორის ხარისხი) ნაშრომი – ახალი კონსტრუქციის ჰელიოსაშრობის შექმნის შესახებ.
მეოთხე რუბრიკის სათაურია “ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნეს-ინჟინერინგში”, ხოლო მეხუთე რუბრიკაა “ბიზნეს-ინჟინერინგი ენერგეტიკაში”. აქ დაბეჭდილია ევგენი ბარათაშვილის, თამარ როსტიაშვილის, მანანა ფირხელანის სტატიები ტექნოლოგიური აუდიტის შესახებ ბიზნესიდეის კომერციალიზაციის პროცესში, ასევე ძალურ ტრანსფორმატორებში დეფექტების განსაზღვრის ალგორითმის და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ახალი ფორმების შესახებ.
“გლობალური გამოწვევები და სოციალური პროგრესი” - ეს რუბრიკა იხსნება პროფესორ ნინო ჩიკვილაძის სტატიით “განვითარება და კეთილდღეობა”. აქვეა დაბეჭდილი შალვა ჟულაყიძის და ემზარ ჯულაყიძის, რუსუდან სტრელკოვას, ნონა ლომიძის სტატიები ორგანიზაციული კონფლიქტების, თვითმყოფადობისა და გლობალიზაციის და უსაფრთხოების პრობლემების შესახებ.
შემდეგი რუბრიკა არის “ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა”, რომელშიც დაბეჭდილია ვასილ ლაფერაშვილის, გიორგი აბაშიშვილის, ნინო წერეთლის და მიხეილ მამნიაშვლის სტატიები, რომლებიც პრობლემათა ფართო სპექტრს მოიცავს და მეტად საინტერესოდ იკითხება.
საკმაოდ ვრცელია მოდევნო რუბრიკა “ინვესტიციები, ტექნოპარკები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები”. რუბრიკა იხსნება გურამ ჯოლიას, დალი სეხნიაშვილის და შოთა ვეშაპიძის სტატიით “გლობალური დისბალანსის პრობლემა და სუვერენული საინვესტიციო ფონდები”. აქვეა დაბეჭდილი ნინო მაზიაშვილის, გივი გამსახურდიას და კონსტანტინე სულამანიძის, ხათუნა ხალხელაურის, ლამარა მინდორაშვილის ფართო სპექტრის აქტუალური ნაშრომები.
“ტურიზმის” რუბრიკაში დაბეჭდილია ირინა მამალაძის ნაშრომი “კლასტერები და მათი როლი ეკონომიკის განვითარებაში”. ასევე საინტერესო მასალას შეიცავს მარინა მეტრეველის და რუსუდან ქუთათელაძის სტატია “საქართველოს ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების ტენდენციები”.
“ფილოსოფიისა და ბიზნესის” რუბრიკაში დაბეჭდილია როზა გაფრინდაშვილის, თამარ პეტრიაშვილის, ვანო ჭიაურელის და რუსუდან სტრელკოვას სტატიები ფინანსური მოღვაწეობის ფსიქოლოგიური საიდუმლოებების, ფრეიმების მოდელირების და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემებზე.
ჟურნალის ბოლო რუბრიკაა “ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების მიზნები და მიმართულებები”. ამ რუბრიკაში საინტერესო სტატიები წარმოადგინეს მერაბ ვანიშვილმა, ლაშა გოცირიძემ და ნინო ვანიშვილმა, ასევე სრულმა პროფესორმა მანანა მაღრაძემ და ეკატერინე გობეჯიშვილმა.
ჟურნალი მთავრება საიუბილეო მილოცვით, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ წელს გამოჩენილ ქართველ ფიზიკოსს, შესანიშნავ მეცნიერს, ღვაწლმოსილ პედაგოგსა და მეცნიერების ბრწყინვალე ორგანიზატორს პროფესორ ელგუჯა ქუთელიას შეუსრულდა 70 წელი. მას იუბილეს ულოცავენ ზაურ ჯაბუა და თემურ ძიგრაშვილი და, რა თქმა უნდა, მათ უერთდება ჟურნალის რედკოლეგია. |
|