|
23-01-2012, 01:24
20 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ქუთელიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. სხდომა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
საიუბილეო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ და პროფესორს საიუბილეო თარიღი მიულოცეს ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აკაკი გიგინეიშვილი, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტი რაფიელ ჩიქოვანი, ფიზიკური მასალათმცოდნეობისა და ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკის მიმართულების ხელმძღვანელი ზაურ ჯაბუა, ევრო-ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტი პაატა კერვალიშვილი, სტუ-ის საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი ჯუმბერ იოსებიძე; ასევე: საქართველოს საინჟინრო აკადემიის პროფესორი ირაკლი ჟორდანია, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი ზურაბ წვერაიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ღონღაძე, ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი თავაძე, გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლოზ ჩიხრაძე, სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა, თსუ-ის ფიზიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ამირან ბიბილაშვილი, კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ სულაბერიძე.
გამოჩენილ ქართველი ფიზიკოსი და მეცნიერების დიდი მოამაგე, ღვაწლმოსილ პედაგოგი და ინჟინერ-ფიზიკოსთა მრავალი თაობის ღირსეული აღმზრდელი, პროფესორი ელგუჯა ქუთელია 1941 წლის 7 დეკემბერს ბანძაში, პედაგოგების, ანტონინა ოდიშარიას და რაჟდენ ქუთელიას ოჯახში დაიბადა. სკოლა 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1964 წელს, განაწილებით მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ზოგადი ფიზიკის კათედრაზე, საიდანაც იგი კათედრასთან არსებული რადიოქიმიური პრობლემური ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ-მუშაკად გადაიყვანეს. მალე ქუთელია ი. ბარდინის სახელობის მოსკოვის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის მეტალთა ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა, სადაც 1970 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ბეინიტური გარდაქმნის კრისტალოგეომეტრია და მექანიზმი".
1973 წელს ელგუჯა ქუთელია აირჩიეს სპი-ს საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტის მყარი ტანის ფიზიკისა და ნახევარგამტარული ელექტრონიკის კათედრის დოცენტად. ამ პერიოდიდან განსაკუთრებით გამოვლინდა ელგუჯა ქუთელიას, როგორც მეცნიერების ორგანიზატორის, ნიჭი და უნარი. მან ირგვლივ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდობა შემოიკრიბა, შექმნა სამეცნიერო სკოლა, რომელიც 1978 წლიდან ელექტრონული მიკროსკოპიის რესპუბლიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა. ქუთელიამ დაიწყო მუსაობა და შეისწავლა რენტგენოსტრუქტურული, ოჟესპექტროსკოპული, მასსპექტროსკოპული და მრავალი სხვა თანამედროვე მეთოდით მყარი სხეულის, ლითონების, შენადნობების, ნახევარგამტარების თვისებების კვლევის სპეციფიკა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელგუჯა ქუთელია ფიზიკურ კვლევებში ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდების გამოყენების ერთ-ერთი პიონერია საქართველოში.
ელექტრონული მიკროსკოპიის ცენტრი 1988 წელს გადაკეთდა სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკურ ცენტრად, სადაც არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა ერთობლივი კვლევები, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. პროფესორ ე. ქუთელიას ხელმძღვანელობით ცენტრში შესრულებული სამუშაო დაპატენტებულია გერმანიაში, ინგლისში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ლიცენზიები აქ შექმნილ ხელსაწყოებზე გაყიდულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ცენტრში დამუშავდა და შეიქმნა მეთოდები და კომპიუტერული პროგრამები დიფრაქციული მონაცემების კრისტალოგრაფიული ანალიზის ჩასატარებლად, რომელთა შედეგები მონოგრაფიაში გამოქვეყნდა.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია პროფესორ ე. ქუთელიასა და პროფესორ ჯ. იოსებიძის ერთობლივი კვლევის შედეგად დადგენილი ახალი მოვლენა, რომელსაც ცნობილმა მეცნიერებმა "იოსებიძე-ქუთელიას ეფექტი" უწოდეს და ის საფუძვლად დაედო ხარისხობრივად ახალი, თხევადი, პლასტიკური და მყარი საზეთი მასალების, მოხახუნე ზედაპირების ფორმირების ახალი ხერხების, საზეთ-გამაგრილებელი ტექნოლოგიური სითხეების და ალმასების სინთეზის ახალი ტექნოლოგიების შექმნას. შედეგები დადასტურებულია მრავალი საავტორო მოწმობით და პატენტით გამოგონებაზე.
1988 წელს ე. ქუთელიამ ქ. კიევში ფრანცევიჩის მასალათმცოდნეობის პრობლემათა ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ფოლადებსა და სპილენძის ფუძის შენადნობების სტრუქტურა და ფაზური გარდაქმნები ტემპერატურათა შუალედურ უბანში". 1990 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა. ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა ფიზიკური მასალთმცოდნეობის კათედრას, რომელიც მოგვიანებით გაერთიანდა მიკროელექტრონიკისა და ნახევარგამტარული ხელსაწყოების კათედრასთან. იგი განაგებდა ამ კათედრას ათი წლის განმავლობაში. 2009 წლიდან დღემდე არის სტუ-ის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი.
პროფესორ ე. ქუთელიას კალამს ეკუთვნის 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 35-ზე მეტი პატენტი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულდა 10 საერთაშორისო საგრანტო პროექტი, რომლის შედეგები და მნიშვნელობა ფართოდაა ცნობილი და სათანადოდ შეფასებული.
აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ქუთელია ეწევა მეტად ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-ზე მეტი დისერტაცია. იგი კითხულობს ლექციების კურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. ხელმძღვანელობს მათი ნაშრომების შესრულებას.
ელგუჯა ქუთელია არის აშშ-ის ნიუ-მექსიკის შტატის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. იულიხის სამეცნიერო ცენტრის მიწვეული მკვლევარი.
პროფესორი ე. ქუთელია არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ამერიკის მეცნიერთა საპატიო საზოგადოების წევრი, საქართველოს ფიზიკოსთა საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: მედალი "შრომითი მამაცობისთვის (1986 წ.), "ღირსების მედალი" (1998 წ.), "ღირსების ორდენი" (2002 წ.), არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ტექნიკის დარგში (2004 წ.). |
|