საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ოთხი ახალი აკადემიკოსი ჰყავს. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ოთხი წარმომადგენელი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრებად აირჩიეს. როგორც საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანზორ შავგულიძემ ჩვენთან საუბრისას განცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი მიმართულების ოთხი წარმომადგენელი ერთდროულად გახდა აკადემიის წევრი.
საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლიანა ასათიანი კითხულობს ლექციებს საინჟინრო გრაფიკის შემდეგ დისციპლინებში: მხაზველობითი გეომეტრია, ტექნიკური ხაზვა, ნიშნულებიანი გეგმილები, კომპიუტერული გრაფიკა, ჩრდილები და პერსპექტივა. ამჟამად მუშაობს მონოგრაფიაზე “გეომეტრიული გარდაქმნები საინჟინრო გრაფიკის ამოცანებში”. ეს ნაშრომი გათვალისწინებულია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელთა სასწავლო გეგმებში საინჟინრო გრაფიკა ცალკე დისციპლინადაა შეტანილი, მაგრამ სცდება პროგრამის ფარგლებს, აგრეთვე ნებისმიერი სპეციალისტისთვის, ვისაც ტექნიკური განათლება აქვს. მონოგრაფიაში შეტანილი ამოცანების კომპიუტერული ვარიანტი ACD-2010 ვერსიით იქნება შესრულებული.
იოსებ ბაციკაძემ 1969 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. არის პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო “ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სპეციალობებზე საინჟინრო გრაფიკის სწავლების ახალი მეთოდიკა და მისი განხორციელების გზები”. 1970 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფსორი, 40-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის სამი სახელმძღვანელოს, სამი დამხმარე სახელმძღვანელოსა და შვიდი მეთოდური მითითების ავტორი. მისი მუშაობის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებაა უმაღლესი სკოლის სასწავლო პროცესში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის დანერგვის პრობლემათა კვლევა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა ნოზაძე საინჟინრო გრაფიკის მიმართულებით 1986 წლიდან მუშაობს. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: საინჟინრო გრაფიკის სწავლების ახალი მეთოდიკა და მისი დანერგვის გზები. პედაგოგიური მიმართულების ხაზით გამოქვეყნებული აქვს მრავალი სახელმძღვანელო, დამხმარე სასწავლო მეთოდური ლიტერატურა და სტატიები. მისი სამეცნიერო სფეროს ინტერესია საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის, კერძოდ, AutoCAd-ის ვერსიების შესწავლა და მიღებული შედეგების დანერგვა კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის სწავლების მეთოდიკაში. კითხულობს ლექციებს როგორც პროფესიულ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის დისციპლინაში - მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრში.
საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის პროფესორმა ინესა ხატისკაცმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. მუშაობდა კონსტრუქტორად და ტექნოლოგად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (“პტნიიმე”) და ჩარხმშენებელ ქარხანაში. 1967 წელს დაამთავრა ასპირანტურა, 1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “პროექციული გეომეტრიის ელემენტების სწავლების მეთოდიკა” და მოიპოვა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (თემა “სივრცის პროექციული გარდაქმნების გამოყენება პოზიციური ამოცანების გადაწყვეტაში”) ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. გამოქვეყნებული აქვს სამოცამდე სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის სტატია, მათ შორის, ორი მონოგრაფია, სახელმძღვანელოები. ინესა ხატისკაცის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სივრცითი გარდაქმნები. არის განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
როგორც აკადემიკოსები - ლიანა ასათიანი, იოსებ ბაციკაძე, ნანა ნოზაძე და ინესა ხატისკაცი - აცხადებენ, მათ წარმატებაში დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის მთელ კოლექტივს, განსაკუთრებით დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ანზორ სავგულიძეს და დეკანს - ოთარ გელაშვილს.