|
17-06-2011, 16:09
15 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკის დეპარტამენტის სამანქანათმშენებლო ხაზვის კათედრის გამგეს, პროფესორ შოთა დავითის ძე თოფურიას, დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის თანამშრომლები შოთა თოფურია გასახსენებლად მცირე შეხვედრას მართავენ.
შოთა თოფურია დაიბადა 1936 წელს. საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო წარმოებაში, სადაც წარმატებით გაიარა გზა რიგითი ინჟინრიდან წამყვანი კონსტრუქტორის თანამდებობამდე. წარმოებაში დაგროვილ მრავალწლიან გამოცდილებას თოფურია წარმატებით უკავშირებდა ტექნიკურ მეცნიერებას. მან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურის გავლით დაიცვა დისერტაცია მექანიკა-მანქანათმშენებლობის დარგში, მიიღო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და დოცენტის სამეცნიერო წოდება. მოგვიანებით შოთა თოფურია აირჩიეს საინჟინრო გრაფიკის დეპარტამენტის პროფესორის თანამდებობაზე.
შოთა თოფურიას დიდი დამსახურება მიუძღვის საინჟინრო ტექნიკური კადრების მომზადებისა და ქვეყანაში მექანიკა-მანქანათმშენებლობის განვითარების საქმეში. გამოქვეყნებული აქვს ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, ორი სახელმძღვანელო და ოთხი გამოგონება. სხვადასხვა დროს თოფურია მუშაობდა სპი-ს სოხუმის ფილიალის დეკანის, საქართველოს საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტის ხაზვის კათედრის გამგის თანამდებობებზე, ხელმძღვანელობდა ზოგადტექნიკური კათედრების პროფკავშირულ ორგანიზაციას, იყო გულისხმიერი, ჰუმანური და კეთილშობილი პიროვნება.
შოთა თოფურია 1999 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა. |
|