|
14-11-2014, 18:31
14 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში პროფესორ ანზორ შავგულიძის სახელობის კომპიუტერული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.
პროფესორი ანზორ შავგულიძე იყო ცნობილი ქართველი მეცნიერი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. შავგულიძე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საგამომცემლო სახლ “ტექნიკური უნივერსიტეტის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, სტუ-ის ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი, სტუ-ის რექტორის მრჩეველი.
ანზორ შავგულიძე 1930 წლის 23 დეკემბერს ქალაქ ზესტაფონში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა დედამ იტვირთა. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრებისთანავე, 1949 წელს, ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1954 წელს, სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით. ანზორ შავგულიძის პირველმა სამეცნიერო შრომამ "ევკლიდეს სივრცის სიბრტყეზე ასახვის ერთი ინტერპრეტაციის შესახებ“ მეცნიერთა ყურადღება მიიქცია. ნიჭიერი ახალგაზრდა გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრაზე დატოვეს. პირველი ნაბიჯები, სამთო საქმეში მხაზველობითი გეომეტრიის მეთოდების გამოყენების მიმართულებით, წარმატებული აღმოჩნდა და ანზორ შავგულიძე სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის 1955 წელს მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე მიიწვია გამოჩენილმა მეცნიერმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მესაძირკვლემ, პრიფესორმა არჩილ გულისაშვილმა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე, ანზორ შავგულიძე მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის სწავლებისა და განვითარების საქმეს ემსახურებოდა.
1967 წელს გამომცემლობა "განათლებამ“ გამოსცა შავგულიძის პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო "ტექნიკური ხაზვა“, რომელიც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტების სამაგიდო წიგნად იქცა. 1970 წელს შავგულიძემ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დოცენტის სამეცნიერო წოდება მიენიჭა.
ანზორ შავგულიძე იყო პირველი ქართველი პედაგოგი, რომელიც წლების განმავლობაში, განათლების სამინისტროს დაკვეთით, სტუდენტებისა და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილებს ატარებდა ხაზვაში. 1975 წელს მას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭა. 1977 წელს სავგულიძის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო "საინჟინრო გრაფიკის სპეციალური კურსი“, სადაც მან ერთ-ერთმა პირველმა წამოწია მანქანური გრაფიკის მეთოდების გამოყენება საინჟინრო პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. მეცნიერის ნოვატორულმა მიდგომამ ამ მიმართულებით საყოველთაო ყურადღება მიიპყრო საქართველოს ფარგლებს გარეთაც. 1977 წელს შავგულიძეს პროფესორის წოდება მიენიჭა.
1978 წელს ანზორ შავგულიძე მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგედ აირჩიეს. იგი სათავეში ჩაუდგა ტრადიციულ კათედრას, რომელსაც გამოჩენილმა მეცნიერმა და სახელგანთქმულმა ქართველმა ინჟინერმა გიორგი ნიკოლაძემ გასული საუკუნის ოციან წლებში საფუძველი ჩაუყარა.
ანზორმ შავგულიძემ კოლეგებთან და მოწაფეებთან ერთად უდიდესი შრომა გაწია ამ კათედრის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის განახლებისა და განვითარებისთვის. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც დაინერგა მანქანური გრაფიკის სწავლება. ეს სიახლე სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “ალგორითმისა” და პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარტნიორობის საფუძველზე განხორციელდა. ჩამოყალიბდა მანქანური გრაფიკის ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც სტუდენტთა ავტომატიზებული სამუშაო ადგილებით იქნა აღჭურვილი. შავგულიძის თაოსნობით, სწორედ ამ ლაბორატორიის ბაზაზე, შეიქმნა უმაღლესი სასწავლებლების გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა პედაგოგიური დახელოვნების რესპუბლიკური ცენტრი, გამოიცა მისი სახელმძღვანელოები: “ საინჟინრო გრაფიკა” და “ მანქანური გრაფიკის საფუძვლები”, ფართო ხასიათი მიიღო სამეცნიერო-კვლევითმა სამუშაომ სივრცის გეომეტრიული მოდელირების, მრავალგანზომილებიანი მხაზველობითი გეომეტრიისა და გრაფიკული დიციპლინების სწავლების მეთოდიკის დარგში. 1981 წელს ა. შავგულიძეს “საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის” საპატიო წოდება მიენიჭა.
ანზორ შავგულიძე დღენიადაგ ზრუნავდა სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სრულყოფისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გასაფართოებლად. იგი იყო ავტორი 160-ზე მეტი შრომისა, რომელთა შორის მრავალი მონოგრაფია და სახელმძღვანელოა. ანზორ შავგულიძის მუხლჩაუხრელი შრომით “მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრა საყოველთაოდ აღიარებულ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მისი როლი საინჟინრო განათლების განვითარების საქმეში კიდევ უფრო ამაღლდა, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში შესაძლებელი გახდა სასწავლო და სამეცნიერო ინოვაციების განხორციელება. ანზორ შავგულიძე ქვეყანაში მიმდინარე განახლების პროცესისა და განათლების სისტემის რეფორმირების დიდი მხარდამჭერი და შემოქმედი იყო. იგი თავის კოლეგებთან და მოწაფეებთან ერთად ძალასა და ენერგიას არ იშურებდა ახლად ჩამოყალიბებული “საინჟინრო გრაფიკისა და სამრეწველო დიზაინიის” დეპარტამენტის წარმატებისთვის, რომლის საპატიო თავმჯდომარეც თავად იყო. კომპიუტერული წიგნიერება მყარად დამკვიდრდა სამშენებლო, არქიტექტურის, მანქანამთმშენებლობის, სატრანსპორტო, სამთო და სხვა დარგების ბაკალავრებისა თუ მაგისტრების მომზადების საქმეში, რაც იმ საგნების სწავლებით იწყება, რასაც მეცნიერმა მთელი თავისი ინტელექტუალური რესურსები მოახმარა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა მან უნიკალური სახელმძღვანელო “კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა”.
შავგულიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მეთოდური უზრუნველყოფის ცენტრს. 1997 წელს ანზორ შავგულიძე საქართველოს პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. იგი საქართველოს საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრიც იყო, რაც მეცნიერის დიდ ავტორიტეტსა და აღიარებაზე მეტყველებს.
ანზორ შავგულიძემ უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმის ტრადიციების გაღრმავებასა და განვითარებას.
2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ამავე წელს იგი ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი – გიორგი ნიკოლაძის მედლითა და “ღირსების ორდენით” დაჯილდოვდა.
ანზორ შავგულიძის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყება არა მარტო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის ნათელია მაგალითია თუნდაც ის ინიციატივა, რომელიც შავგულიძემ უკვე მძიმე ავადმყოფობის პერიოდში დანერგა. ეს ეხება საჯარო სკოლებში ხაზვის, როგორც სავალდებულო საგნის, აღდგენას.
ანზორ შავგულიძე მძიმედ იყო ავად, 2011 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დუსვეს, თუმცა სიცოცხლის ბოლო თვეებიც მუშაობაში გაატარა. |
|