|
30-12-2010, 01:32
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა სუბიექტებმა (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები) სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრი გახსნეს. ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნულია საქართველოს სინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ შავგულიძე.
ცენტრის სასწავლო გეგმაში შეტანილია დისციპლინები: უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა და გრაფიკული დისციპლინების სწავლების მეთოდიკა; მხაზველობითი გეომეტრია; პროექციული გეომეტრია; ტექნიკური ხაზვა; ტექნიკური ხატვა; კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა.
ცენტრში ლექციებს წაიკითხავენ, პრაქტიკუმებს ჩაატარებენ და გამოსაშვებ სამუშაოებს მიიღებენ დარგის ცნობილი სპეციალისტები, პროფესორები: ანზორ შავგულიძე, ინესა ხატისკაცი, ნინო ნიკვაშვილი, იოსებ ბაციკაძე, გიორგი წულეისკირი, ნანა ნოზაძე, ზურაბ კვინიკაძე, გიორგი შენგელია.
ცენტრში მსმენელად ჩაირიცხება ის პირი, ვისაც უკვე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) საბუნებისმეტყველო დარგში ან რომელიმე კონკრეტულ ტექნიკურ სპეციალობაში.
კურსის გავლისა და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოსაშვები სამუშაოს შესრულებისა და ამ სამუშაოის დადებითად შეფასების შემდეგ, მსმენელი ღებულობს უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ცენტრში სასწავლო კურსის გავლა და სერტიფიკატის მიღება მსმენელისათვის უფასოა. |
|