|
2-05-2011, 16:29
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის კურსების პირველი წარმატებული მსმენელები გამოვლინდნენ. საინჟინრო გრაფიკის სასწავლო კურსის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგს ექვსმა მსმენელმა მიაღწია. ესენი არიან კონსტრუქტორი, საინჟინრო გრაფიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი მაია ბარბაქაძე, რომელიც წლების განმავლობაში სამშენებლო მექანიკისა და მექანიზმების კათედრის თანამშრომელი იყო; ჰიდროტექნიკოსი, 170-ე საჯარო სკოლის IT-მენეჯერი პაატა ნვრადაშვილი; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მანქანათშენებლობის დეპარტამენტის ლაბორატორიის გამგე ეთერ სადაღაშვილი; სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული, სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი ნინა პოტაპოვა; თბილისის სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტები სალომე ნიკვაშვილი და ნინო ფრანგიშვილი.
მათი განცხადებით, ამ კურსების წარმატებით გავლა მეტად მნიშვნელოვანია. აქ ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ნებისმიერი სპეციალობის მქონე ადამიანი დაეუფლოს საინჟინრო გრაფიკას. გარდა ამისა, მათი განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მსმენელებს ეკითხებათ პედაგოგიკის კურსი, რაც საშუალებას მისცემს მათ, მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიარონ.
კურსის მსმენელები აღნიშნავენ, რომ ამ თანამედროვე ინიციატივის დანერგვაში დიდი წვლილი მიუძღვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანზორ შავგულიძეს.
სტუ-ის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის კაბინეტი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ახალი კაბინეტი მრავალფუნქციურია და მას არა მარტო სასწავლო, არამედ დიდი სამეცნიერო დანიშნულებაც აქვს.
“თუ გავითვალისწინებთ კომპიუტერის უკიდეგანო შესაძლებლობებს და ამასთან გავიხსენებთ საინჟინრო გრაფიკის მიზნობრივ დანიშნულებას ადამიანში გრაფიკული წიგნიერების დაუფლების, აგრეთვე სივრცითი წარმოდგენისა და წარმოსახვის განვითარების საქმეში, იოლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დროა, გრაფიკული გამოსახულების აგებაში, უარი ეთქვას ხაზვის ძველ ინსტრუმენტებს, სახაზავსა და ფარგალს და ამ ხელოვნებაში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ახალ ინსტრუმენტებს დაეთმოს ადგილი“, _ აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანზორ შავგულიძე.
მისი განცხადებით, ახლად გახსნილი კაბინეტის სასწავლო მისია საინჟინრო გრაფიკის სწორედ ამ ახალი მეთოდიკით სწავლებას გულისხმობს. საინჟინრო გრაფიკის, როგორც სასწავლო დისციპლინის, საბოლოო მიზანი (ნახაზის შესრულება და კითხვა) კომპიუტერის საშუალებით გაცილებით მოკლე დროში მიიღწევა და ამასთან, გრაფიკული წიგნიერების გარანტირებული ხარისხით.
|
|