ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტები საინჟინრო გრაფიკის კურსს გაივლიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტები საინჟინრო გრაფიკის კურსს გაივლიან სტუ
25-02-2011, 13:37
სტუ-ის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის რიგი სპეციალობების სასწავლო გეგმებში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის კურსს შეიტანენ. საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ანზორ შავგულიძის განცხადებით, საინჟინრო გრაფიკას, როგორც სასწავლო დისციპლინას, მრავალი წლის განმავლობაში დამსახურებულად ეჭირა თავისი ადგილი ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სავალდებულო საგნებს შორის და ახლა ეს ადგილი უბრუნდება. საქმე ისაა, რომ საინჟინრო გრაფიკის სწავლება ერთი რაიმე კონკრეტული ამოცანით არ შემოიფარგლება და უმაღლეს სკოლაში მას სხვა ისეთი ფუნქციებიც აქვს, რომელთა საჭიროება ნებისმიერი სპეციალობის ადამიანისთვის არის აუცილებელი.

“გეომეტრიის განვითარების პროცესმა გამოიწვია მისი, როგორც ერთიანი მეცნიერების, დიფერენცირება და ცალკე განშტოებებად ჩამოყალიბება ამოცანების შინაარსისა და მათი კვლევის მეთოდების მიხედვით. ასე წარმოიშვა გეომეტრიის ერთ-ერთი შტო - საინჟინრო გრაფიკა (მხაზველობითი გეომეტრიისა და ტექნიკური ხაზვის სინთეზი). იგი განიხილავს ბრტყელი და სივრცითი ფიგურების ისეთ თვისებებს, რომელთა შესწავლა თავის დროზე ადამიანის პრაქტიკული საქმიანობის მოთხოვნებმა განაპირობა. საინჟინრო გრაფიკის გამორჩეული ამოცანაა მეხსიერებითი და წარმოსახვითი წარმოდგენების განვითარება. ცნობილია, რომ მოქმედების მიზნის განჭვრეტა წარმოსახვის ანუ ფანტაზიის გარეშე შეუძლებელია; სინამდვილის გარდაქმნა, ახლის შექმნა წარმოუდგენელია ამ ახლის განჭვრეტის მიღმა. უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილის პრაქტიკულად გარდაქმნისთვის ჯერ საჭიროა მისი აზრობრივად გარდაქმნა”, – აცხადებს ანზორ შავგულიძე.

მისი განცხადებით, ცნობილია აგრეთვე, რომ მეტყველების გარეშე ლოგიკური აზროვნების აღმოცენება და განვითარება შეუძლებელია; მეტყველება კონკრეტული ადამიანის მოქმედებაა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში ენის გამოყენებით ხორციელდება.

“აქ გვერდს ავუვლით ენისა და მეტყველების შესახებ მსჯელობას და აპრიორულად დავასკვნით, რომ რა დანიშნულებაც მეტყველებას აქვს ადამიანთა შორის აზრთა გაზიარებაში, ზუსტად იგივე დანიშნულება აქვს ნახაზს. საყურადღებოა, რომ ნახაზი მხოლოდ ვიწრო გაგებით განიხილება, როგორც საგნის გამოსახულება, რომლითაც შესაძლებელია ამ საგნის დამზადება. საინჟინრო გრაფიკა და მისი კონკრეტული პროდუქტი - ნახაზი ხელობაც არის და ხელოვნებაც, გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ მის მიზნობრივ და შინაარსობრივ მხარეებს. ვინც მიიჩნევს, რომ საინჟინრო გრაფიკა ხელოვნებაა, იგი ავითარებს ობიექტურ აზრს იმის შესახებ, რომ ამ ცნების ფართო გაგებით, გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც ნახაზი ჰქვია, არის ფორმალური ენა, რომელიც შეიცავს სიმბოლოების ერთობლიობას ანუ ენის ანბანს, ამ სიმბოლოებისაგან კონსტრუქციების შედგენის წესების სისტემას ანუ ენის სინტაქსს და ამ კონსტრუქციების ახსნის სისტემას ანუ ენის სემანტიკას. საინჟინრო გრაფიკაში დაცულია ყველა ენისთვის სანუკვარი პრინციპი - ყოველი გრამატიკული ფუნქცია გამოხატულია ერთადერთი ნიშნით და ყოველი ნიშანი გამოხატავს ერთადერთ ფუნქციას. ამგვარი მსჯელობა იმასაც მიუთითებს, რომ ამ საგნის მეცნიე-რული სიუჟეტი სავსებით შეესაბამება ორიენტირებული ალგორითმული ენების ლოგიკურ წყობას, ასეთი შესაბამისობა კი ცხადყოფს გრაფიკული სამუშაოების კომპიუტერიზაციის ფართო პერსპექტივებს”, – აცხადებს იგი.

ანზორ შავგულიძის განცხადებით, რადგანაც საინჟინრო გრაფიკის ამოცანები, თანამედროვე პირობებში, კომპიუტერის მეშვეობით წყდება, მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ სასავლო დისიპლინისთვის სახელის შეცვლა და მისთვის კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის დარქმევა.

“კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკას “უმაღლესი ხელოვნების” ეპითეტი მივანიჭოთ. მართალია, ტერმინი “ხელოვნება” უკვე განასხვავებს მას “ხელოსნობისაგან”, მაგრამ იმის გამო, რომ ხელოვნება ზოგჯერ ოსტატობის აზრითაც იხმარება, ეს დაზუსტება მაინც საჭიროა. საქმე ისაა, რომ საინჟინრო გრაფიკა არა მარტო ხელოვნება, არამედ დიდ მეცნიერებასთან წილნაყარი სასწავლო დისციპლინა გახლავთ და მისი დებულებები მარტოოდენ არსებულ ფაქტებს (არსებობა, თანაარსებობა, თანამიმდევრობა, მსგავსება...) კი არ ამტკიცებს, არამედ მიუთითებენ იმაზედაც, რაც უნდა იყოს”, – აცხადებს იგი.

“საინჟინრო გრაფიკას მრავალი წლის განმავლობაში დამსახურებულად ეჭირა თავისი ადგილი ჰუმანიტარულ- ტექნიკური ფაკულტეტის სავალდებულო საგნებს შორის. ეს ბუნებრივი იყო, რადგან საინჟინრო გრაფიკა მხოლოდ სამშენებლო და მანქანათსაშენ წარმოებაში სახმარი დოკუმენტი არ არის. ახლა ამ სასწავლო დისციპლინას დაუბრუნდა თავისი ადგილი. საქმე ისაა, რომ საინჟინრო გრაფიკის სწავლება ერთი რაიმე კონკრეტული ამოცანით არ შემოიფარგლება და უმაღლეს სკოლაში მას სხვა ისეთი ფუნქციებიც აქვს, რომელთა საჭიროება ნებისმიერი სპეციალობის ადამიანისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, ძნელად სანახავია ისეთი ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტი, რომელიც არ ითხოვდეს გრაფიკულ ილუსტრაციებს და, აქედან გამომდინარე, დოკუმენტის შემდგენელი არ საჭიროებდეს ამ ილუსტრაციების კითხვის ელემენტარული საფუძვლების ცოდნას, არ ფლობდეს იმ თვისებებს, რომელთა არსებობაც მხოლოდ საინჟინრო გრაფიკის კურსის შესწავლით მიიღწევა. ძნელი მოსაძებნია ისეთი სპეციალობა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის საკვალიფიკაციო ნუსხაში, რომლის მიმართაც ზემოთ მოყვანილი მაგალითის ანალოგის მისადაგება არ იყოს შესაძლებელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გასაგები მიზეზის გამო, გარკვეული დოზით აუცილებლად უნდა ფლობდეს ზოგადტექნიკურ განათლებას, რაშიაც გრაფიკულ წიგნიერებას თავისი კუთვნილი ადგილი ექნება დათმობილი”, – აღნიშნავს ანზორ შავგულიძე და დასძენს:

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაუწყოთ, რომ ჩვენს ჰუმანიტარებს, თანამედროვე დონეზე მოწყობილ კომპიუტერულ სამხაზველოებში, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოუწევთ ახალი სასწავლო დისციპლინის დაუფლება”.
 
 

ასევე:

  • საინჟინრო გრაფიკის კურსების პირველი წარმატებული მსმენელები გამოვლინდნენ
  • სტუ-ში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის კაბინეტი გაიხსნა
  • საინჟინრო გრაფიკის კაბინეტში სასწავლო პროცესს დეკანი დაესწრო
  • სტუ-ის ოთხი პროფესორი განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრებად აირჩიეს
  • საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში ახალი სასწავლო კაბინეტი შეიქმნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge