|
6-07-2012, 15:52
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე ღვაწლმოსლი პროფესორი დააჯილდოვეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის პროფესორი ინესა ხატისკაცი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა. ჯილდო პროფესორს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის პროფესორმა ინესა ხატისკაცმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. მუშაობდა კონსტრუქტორად და ტექნოლოგად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (“პტნიიმე”) და ჩარხმშენებელ ქარხანაში. 1967 წელს დაამთავრა ასპირანტურა, 1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “პროექციული გეომეტრიის ელემენტების სწავლების მეთოდიკა” და მოიპოვა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (თემა “სივრცის პროექციული გარდაქმნების გამოყენება პოზიციური ამოცანების გადაწყვეტაში”) ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. გამოქვეყნებული აქვს სამოცამდე სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის სტატია, მათ შორის, ორი მონოგრაფია, სახელმძღვანელოები. ინესა ხატისკაცის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სივრცითი გარდაქმნები. არის განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. |
|