|
30-01-2012, 00:40
25 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმს ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტს ეწვია ევრო-ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინოს სპენცასი.
პროფ. კ. სპენცასი, ძირითადად, მოღვაწეობს ქ. ლოზანასა (შვეიცარია) და ქ. ათენში (საბერძნეთი) - ის ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. ის, აგრეთვე, არის სტუ-ის ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესასრულებელი სამეცნიერო პროექტის SENS-ERA (ხელმძღვანელი, პროფესორი პ. კერვალიშვილი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
პროფ. კ. სპენცასის ჩამოსვლის მიზნებია: SENS-ERA პროექტის დაწყების ხელშეწყობა; ლექციათა სერიის ჩატარება თემაზე „მწვანე ტრანსპორტი მწვანე ქალაქებისთვის“. ლექციები ეძღვნება ელექტრომობილებისა და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოყენების პერსპექტივებსა და აუცილებლობას, რაც მსოფლიოში ეკოლოგიის საკითხების წინ წამოწევით არის გამოწვეული.
პროფ. კ. სპენცასი ელექტრომობილების შექმნის აღიარებული სპეციალისტია, ის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მას ეკუთვნის დიდი ქალაქებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის კონცეფციის შექმნა. |
|