|
3-02-2015, 16:32
ცნობილ მეცნიერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროენერგეტიკის სამეცნიერო-საინჟინრო აკადემიის წევრს, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურიატს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ დემი ლაოშვილს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის 50 წელი შეუსრულდა.
დემი ლაოშვილი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, ენერგეტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ფაკულტეტმა 6000-ზე მეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსი გამოუშვა. ლაოშვილი არის 210 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა 11 სახელმძღვანელო, 2 მონოგრაფია და მეთოდური მითითებები. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
დემი ლაოშვილის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობისა და მისი რეჟიმების ოპტიმიზაციის პრობლემები. მან დაამუშავა ელექტრომომარაგების სისტემის საიმედოობის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გაანგარიშების მეთოდები, უპირატესად, მთიანი ზონის რეგიონებისთვის.
საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური ენერგეტიკული კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისთვის პროფ. დ. ლაოშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. სახელმძღვანელოსთვის „ენერგეტიკა“ ლაოშვილს მიენიჭა მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემია, ხოლო სახელმძღვანელოსთვის _ „ელექტრომომარაგება“ _ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ არველაძე უნივერსიტეტისა და აკადემიის სახელით ულოცავენ იუბილეს ცნობილ მეცნიერს. |
|