|
9-02-2012, 19:00
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტებისა თუ მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გარკვეული მომსახურების გაწევა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. შესაბამისი ცვლილება "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით დგინდება, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისთვის შესაძლებელია დადგინდეს საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განსაზღვრავს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, გამოცდების მომზადების და შემდგომ პერიოდში ხშირად არის შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს და სხვა პირებს, შემჭიდროებულ დროში ესაჭიროებათ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან დამადასტურებელი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ არიან აბიტურიენტები ან მაგისტრანტები ან სხვა ინფორმაცია. მათ შორის, გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული ქულების თაობაზე ინფორმაცია და ა.შ..
"გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნულ დოკუმენტებს გასცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით, რაც იწვევს აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების უკმაყოფილებას. ამდენად, იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული მოსახლეობის უკმაყოფილება, მიზანშეწონილია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეზღუდულ ვადებში მომსახურების გაწევისთვის საფასური დადგინდეს", – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ინიციატორი კი - მთავრობა. პროექტის განხილვა პარლამენტს ჯერჯერობით არ დაუწყია. ipn.ge |
|