|
28-02-2012, 01:43
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული ქულების გამოყენება მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების წელს იქნება შესაძლებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მაგისტრანტობის კანდიდატი ვერ შეინახავს მიღებულ შედეგებს სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების მიზნით.
ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება მათ მოქმედებას ვერ შეაჩერებს.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. დამტკიცებული ცვლილებების თანახმად კი, სამინისტროს შეეძლება, დაადგინოს როგორც საჩივრის განსხვავებული წარდგენისა და განხილვის ვადები, ასევე განსხვავებული წესიც.
კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომ ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში, თუმცა მათი გასაჩივრება სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას არ გამოიწვევს.
გარდა ამისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გარკვეული მომსახურება ფასიანი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენაზე დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დადგინდება საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განსაზღვრავს.
როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, ხშირად გამოცდების მომზადების და შემდგომ პერიოდში აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს და სხვა პირებს შემჭიდროებულ ვადებში ესაჭიროებათ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ არიან აბიტურიენტები ან მაგისტრანტები, ან სხვა ინფორმაცია. გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნულ დოკუმენტებს გასცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით, თუმცა ეს იწვევს დაინტერესებული პირების უკმაყოფილებას.
მოსახლეობის უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, პარლამენტში მიზანშეწონილად მიიჩნიათ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეზღუდულ ვადებში მომსახურების გაწევისთვის საფასური დადგენა. |
|