|
9-02-2012, 19:17
გამოცდების ეროვნული ცენტრი დოკუმენტებს ელექტრონული ფორმითაც გასცემს. შესაბამისი ცვლილება "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტით დგინდება, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას, უფლება აქვს, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
კანონპროექტითვე, ელექტრონულ დოკუმენტს და მათ ამონაბეჭდებს ისეთივე იურიდიული ძალა ექნება, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტების მიღების, შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაადგენს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილება უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას. "ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითი არის ის, რომ აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს და სხვა პირს ცნობის ან სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევს", – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. ipn.ge |
|