|
11-02-2012, 21:36
თბილისის დიდ საკონცერტო დარბზაში კვარტეტმა "ალილომ", "თეატრალურის კვარტეტმა" და ანსამბლმა "შვიდკაცამ" კონცერტი გამართეს. საღამოზე სულ 30 სიმღერა შესრულდა. ანსამბლებმა კი ერთობლივად 3 სიმღერა შეასრულეს.
"მოენატრა ხალხს ქართული, ჭეშმარიტი სიმღერა. ვიტყვი, რომ ჭეშმარიტი სიმღერის ზეიმი იყო, სადაც ცოცხალი შესრულება იყო და ძალიან დავიხარჯეთ. დიდ სცენაზე პირველად შევასრულეთ სიმღერა "მათქმევინე", რომელსაც ადრე გურამ თამაზაშვილი ასრულებდა", - განაცხადა კვარტეტ "ალილოს" ხელმღვანელმა ლაშა ღლონტმა.
საღამოზე ანსამბლებმა სხვადასხვა კომპოზიტორის სიმღერები შეასრულეს. როიალთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ რუსუდან სებისკვერაძე და მარიკა კვალიაშვილი.
"არაჩვეულებრივი საღამო შედგა, რასაც მოელოდა მსმენელი. ყველა აღტაცებული და გახარებული წავიდა კონცერტიდან. სცენაზე თითოეულმა ახალგაზრდამ და ანსამბლებმა ისე იმღერეს, როგორც ქართველს ეკადრება. ისინი საქართველოში გაზრდილები არიან და იციან, რასაც აკეთებენ. დახვეწილი პროგრამით და დიდებული შესრულებით მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არიან არაჩვეულებრივი შემსრულებლები", - განაცხადა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა.
როგორც თეატრალურის კვარტეტის წევრმა, ლაშა კერვალიძემ განაცხადა, ანსამბლების გაერთიანება ფილარმონიის ხელმძღვანელების ინიციატივით მოხდა.
"ფილარმონიიდან დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს, ანსამბლების გაერთიანებული კონცერტი მოგვეწყო. საღამოზე დატვირთული პროგრამით წარვდექით. ბოლოს, ყველამ ერთად ვიმღერეთ "მრავალჟამიერი", რამაც დარბაზში დიდი ოვაცია გამოიწვია", - განაცხადა კერვალიძემ. ghn.ge |
|