|
21-03-2012, 01:16
მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ, რომელიც აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიის შტატში მდებარეობს, ეკონომიკის ქართველი ექსპერტის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორისა და თბილსის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფია _ "ინფლაციური ზიგზაგები პოსტკომუნისტურ საქართველოში" _ გამოსცა.
132-გვერდიან წიგნს, რომლის რედაქტორიც ავთანდილ სილაგაძეა, ბერნარდ შოუს სიტყვები აქვს წამძღვარებული: "ყველა ეკონომისტი ერთად რომ დავსვათ, ვერასდროს მიაღწევენ რამე გადაწყვეტილებას".
აღსანიშნავია, რომ პავლიაშვილი მალე ზემოხსენებული აკადემიის აკადემიკოსი გახდება და ეს ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იქნება, მით უმეტეს, რომ ამ აკადემიის წევრები მსოფლიოში ისეთი ცნობილი ადამიანები არიან, როგორიცაა, მაგალითად, მიხეილ გორბაჩოვი, ვიქტორ იანუკოვიჩი, ნობელიანტი ხოსე რამოსი, მწერალები _ ჩინგიზ აითმათოვი და ევგენი ევტუშენკო, მუსიკოსები _ რაიმონდ პაულსი და რასტრაპოვიჩი, რეჟისორები _ ელდარ რიაზანოვი და ოთარ იოსელიანი, მსახიობი ჩაკ ნორისი, ქართველი მეცნიერი ივერ ფრანგიშვილი და ასე შემდეგ.
"ამერიკელებს ის პროცესები, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში და, მით უმეტეს, საქართველოში ვითარდება, ძალიან აინტერსებთ. მათ, ცხადია, შეუძლიათ, რომ პოსტკომუნსტური ქვეყნების ეკონომკის კვლევა თავად ჩაატარონ, მაგრამ თვლიან, რომ ადგლობრივი ანალიტიკოსების თვალით დანახული პრობლემები და ამ პრობლემების დაძლევის გზები უფრო საინტერესო და რაციონალურია", _ ამბობს პავლიაშვილი.
მონოგრაფიაში წარმოდგენილი კვლევა დამოუკიდებელი საქართველოს მთლიან პერიოდს, ანუ 1991-2011 წლებს მოიცავს და სრულადაა წარმომედგინა ის ეკონომიკური ტენდენციები, რომლებითაც საქართველოს ეკონომიკა ამ პერიოდში ხასიათდებოდა. მონოგრაფიაში აღწერილია ზემოხსენებული პერიოდის ინფლაციის ხასიათი, ბუნება და ტემპები. პავლიაშვილის თქმით, ინფლაციური პროცესების დაძლევისთვის ერთნაირი მიდგომა არ არსებობს და ყველაფერი დროზე, სივრცესა და ბევრ სხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ამერიკის საერთაშორისო აკადემიამ თავის სტუდენტებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ინფლაციის ანატომია" სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიით შეისწავლონ.
"მონოგრაფიაში აქცენტი ინფლაციის წარმომშობ მხოლოდ ობიექტურ კი არა, სუბიექტურ ფაქტორებზეცაა გაკეთებული. ამიტომ წიგნში მოყვანილი მაგალითები, ვფიქრობ, გასათავალისწინებელია. ნაშრომში ის სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიცაა წარმოდგენილი, რომლითაც ბოლო დროს საქართველოს ეკონომიკა ხასიათდება", _ ამბობს პავლიაშვილი და მიიჩნევს, რომ მონოგრაფია მთავრობებმა, შესაძლოა, ინფლაციასთან ბრძოლის ერთგვარ სახელმძღვანელოდაც გამოიყნონ.
პავლიაშვილის მონოგრაფია მსოფლიოს რამდენიმე სამეცნიერო ბიბლიოთეკას გაეგზავნა. საქართველოს წიგნის მაღაზიებში კი შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. |
|