|
25-03-2012, 00:38
25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 95 წლისთავი აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II პარაკლისს აღასრულებს.
1917 წლის 12 ( 25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.
იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი და ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.
ამ ამბავს გამოეხმაურა სრულიად საქართველო, როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღნიშნა, ეს იყო ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური, რომლის უქონლობის გამოც, ჩვენს წმიდა წინაპრებს ხშირად უხდებოდათ ბრძოლა საქართველოს მრავალტანჯული ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას ეგზარხოსის მეშვეობით წლების განმავლობაში რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა. 1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ვარლამ ერისთავი ასრულებდა. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო. ქართული ენისა და ტრადიციების, ქართველ წმიდანთა და დღესასწაულთა არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართველ მართლმადიდებელთა და ეკლესიის მესვეურთა შორის. მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 ეპარქია საეგზარქოსომ ხუთ ეპარქიამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. |
|