|
28-03-2012, 12:27
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციულად წარმოადგენს არა მარტო წამყვან საინჟინრო უმაღლეს სასწავლებელს, არამედ მძლავრ სამეცნიერო ცენტრსაც, რომლის ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია მსოფლიოს თანამედროვე წამყვანი სამეცნიერო კოლექტივებისთვის.
სტუ-ს სამეცნიერო ინსტიტუტებში, ცენტრებსა და ლაბორატორიებში მრავალი ათეული წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები, რომელთა თემატიკა ითვალისწინებს როგორც ფუნდამენტურ, ასევე გამოყენებითი სახის სამუშაოებს. საინჟინრო პროფილის უნივერსიტეტისთვის დამახასიათებელი მოღვაწეობის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი პროგრესული ტექნიკისა და ტექნოლოგიების შემუშავებას და დანერგვას, რომლებიც უზრუნველყოფენ მატერიალური და ბუნებრივი რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას და გარემოს დაცვას. უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ანალიზისა და მიღებული რეზულტატების საფუძველზე შესაძლებელია რელიეფურად გამოვყოთ ის მიმართულებები, რომლებიც თანამედროვე ეტაპზე პრიორიტეტულია და განაპირობებენ სტუ-ს მაღალი საერთაშორისო პრესტიჟის დაფუძნებას. ეს სამეცნიერო მიმართულებებია: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მეტალურგიული და ქიმიური ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები, მანქანათმცოდნეობა და მანქანათმშენებლობა, ავიაცია და კოსმონავტიკა, სამოქალაქო მშენებლობა და არქიტექტურა, კავშირგაბმულობა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სამთო საქმე, გეოლოგია და სხვ. სისტემატურად ფართოვდება სამეცნიერო-შემოქმედებითი კონტაქტები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან, რომლებთანაც თანამშრომლობით სისტემატურად სრულდება ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები.
2010 წლიდან უნივერსიტეტში ახალი სამეცნიერო სტრუქტურების სახით ფუნქციონირებს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც შედიოდნენ საქართველოს ეროვნული მეცნიერების აკადემიის სისტემის შემადგენლობაში. ეს ინსტიტუტებია: კიბერნეტიკის ინსტიტუტი, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, მართვის სისტემების ინსტიტუტი, კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი, მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი, ინსტიტუტები – „ტალღა“, „ანალიზხელსაწყო“, „ტექინფორმი“, ბიოტექნოლოგიის ცენტრი, საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი. გარდა აღნიშნულისა, უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე დაფუძნებულია სხვადასხვა სამეცნიერო პროფილის მქონე სამეცნიერო ცენტრები, რომელებიც ფუნქციონირებენ თვითდაფინანსების პრინციპებზე. აქ მუშავდება ისეთი მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო თემები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ცალკეულ საწარმოებში შემდგომი დანერგვისა და გამოყენების პერსპექტივა აქვს.
თუ გადავხედავთ სტუ-ში წარმოებული სამეცნიერო სამუშაოების შედეგებს, უნდა აღინიშნოს, რომ მარტო ერთი წლის განმავლობაში სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგად მკაფიოდ გამოვლინდა ტექნიკური უნივერსიტეტისა და მასში შემავალი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო ცენტრების პოტენციალი. აქტიური სამეცნიერო საქმიანობის შედეგად 2011 წელს უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლების მიერ დაფიქსირდა 3 სამეცნიერო გამოგონება და 40 პატენტი. ამავე პერიოდში გამოქვეყნებულია 59 მონოგრაფია, 145 სახელმძღვანელო, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში, მათ შორის საზღვარგარეთის მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო პერიოდიკაში, დაიბეჭდა 1617 სამეცნიერო სტატია და სხვა სახის პუბლიკაციები. სტუ-ს მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს 724 შიდა და 3 საერთაშორისო კონფერენციაში. სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს 72 პროექტში, რომლებიც ფინანსდება საქართველოს რუსთაველის (ეროვნული) და 27 სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის მიერ. კერძოდ, ეს ფონდებია TEMPUS, FP 7, USAID, STCU, STG, ISET, MARIS, UP-GRATE BS-SCENE,CNRS,UNICEF, OSF LONDON, SCOPES, და სხვ. ცალკე უნდა აღინიშნოს საკუთრივ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული 62 ფუნდამენტური და გამოყენებითი სახის პროექტი. უნივერსიტეტი პროფესორ-მასწავლებლებს სამეცნიერო მოღვაწეობის მხარდასაჭერად უკვე მესამე წელია, რაც მიმართავს ამ პრაქტიკას. შერჩეულ პროექტებს შორის უმთავრესი ყურადღება ეთმობა კომერციული პოტენციალის მქონე გამოყენებითი სახის პროექტებს. ასე მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დაფინანსდა საინჟინრო მომსახურების ცენტრი, სადაც დაპროექტდა და შეიქმნა ბრიკეტების მაფორმირებელი მაღალი წნევის დანადგარი, რომლის საშუალებითაც წარმოებს ყველანაირი ტიპის დაქუცმაცებული ბიომასის გადამუშავება ბრიკეტების, როგორც საწავავის, დასამზადებლად. ასეთი საწვავის გამოყენება გაჩანაგებისგან დაიცავს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს - ტყეებს.
სტატიის შეზღუდული ფორმატი არ იძლევა ყველა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს დახასიათების საშუალებას, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით სტუ-ს ისეთი სამეცნიერო ცენტრების ფუნქციონირებას, როგორებიცაა - სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკური ცენტრი, რომლის სამეცნიერო თემატიკას წარმოადგენს ნანოკრისტალური სცინტილაციური მასალების ფხვნილებისა და მასიური ნიმუშების შექმნა; ნანოკრისტალური სალი შენადნობების და კომპოზიციური მასალების გამოყენების საფუძველზე სამანქანათმშენებლო თუ სხვა დანიშნულების საინჟინრო ობიექტების საწარმოო ტექნოლოგიების შემუშავება; იულიხის (გერმანია) სამეცნიერო ცენტრთან და ისეთ სხვა წამყვან და ცნობილ ფირმებთან, როგორებიცაა - Siemens, Komatsu, Nisan Motor Co და სხვა, ტარდება ერთობლივი სამუშაოები; კონსტრუქციების, სპეციალური სისტემების და ტექნიკური უზრუნველყოფის ინსტიტუტში, წარმოებს ახალი კონსტრუქციის ორიგინალური სისტემის დასაკეცი კოსმოსური რეფლექტორის და ასევე გასაშლელი ერთმალიანი მრავალჯერადი გამოყენების ხიდის დაპროექტება და შექმნა. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, Daimler Bentz Aerospace, Alenia spatio, ევროპის კოსმოსური სააგენტო და სხვ. უნდა აღინიშნოს ალმასების და კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრის მოღვაწეობა. აქ ალმასური კრისტალების სინთეზის საფუძველზე მუშავდება ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები მაღალეფექტური ალმასკომპოზიციური და სხვა ზესალი მასალების შესაქმნელად, რომლებიც გამოიყენება ლითონური და არალითონური მასალების დასამუშავებლად. აღსანიშნავია, ასევე, ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების ცენტრის საქმიანობა. მასში შემუშავებულია ორიგინალური ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება სამშენებლო კონსტრუქციების, შენობების გარე ფასადებისა და ინტერიერის შესაფუთი დეკორატიული ელემენტების, სადრენაჟო და წყალარინების სისტემების ელემენტების დასამზადებლად. სტუ-ში წარმოებული სხვა სამუშაოების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www. gtu.ge/science/index.php.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაარსების დღიდან მიზნად ისახავდა ფართო პროფილის საინჟინრო კადრების მომზადებას, რაც შეუძლებელია სტუდენტთა შემოქმედებითი უნარის დროულად გამოვლენისა და დამოუკიდებელი შემოქმედებითი შრომის უნარის გამომუშავების გარეშე. ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების თანამედროვე ეტაპზე უდიდესი როლი ენიჭება სტუდენტთა აქტიურ ჩართვას უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. მაგალითად, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასებისას ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს ამ სამუშაოებში მაღალი კურსის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მონაწილეობა. გარდა ნათქვამისა, დავუმატებთ: რამდენიმე დოქტორანტი დღეისთვის ამზადებს დისერტაციას იულიხის სამეცნიერო ცენტრში და სტუ-ში მოღვაწე პროფესორების ერთობლივი ხელმძღვანელობით.
მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრების მომზადების საქმეს ემსახურება ფაკულტეტების აღჭურვა ახალი, თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიებით, ასევე ახალი სპეციალობების დაფუძნება. მაგალითად, ახლახან სამშენებლო ფაკულტეტი აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიით, რომელსაც, გარდა სასწავლო ფუნქციებისა, აქვს სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა. ლაბორატორიაში წარმოებს სამშენებლო მასალების ექსპერტიზა, რომლის დანიშნულებაა ჩვენს ქვეყანაში არსებული მაღალი სამშენებლო აქტივობის პირობებში მშენებლობების მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რაც შეეხება ახალი სპეციალობების დაფუძნებას, უნდა აღვნიშნოთ ისეთი თანამედროვე სპეციალობის დაარსება, როგორიცაა ლოგისტიკა. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ეს სპეციალობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საწარმოო ძალების შემდგომი განვითარებისთვის. ასევე იგეგმება თანამედროვე კომპლექსური სპეციალობის - მექატრონიკის დაფუძნება. ამ სპეციალობაზე მიღებული ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამანქანო სისტემების დაპროექტების, კონსტრუირებისა და წარმატებული ესპლუატაციისთვის.
იანვრიდან სტუ-ს შეეცვალა იურიდიული სტატუსი. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო ტექნოლოგიური პარკების შესაქმნელად. ტექნოლოგიური პარკების შემადგენელ კლასტერებთან იგეგმება სტუდენტური საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროების ჩამოყალიბებაც, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ სამეცნერო-კვლევით სამუშაოებში აქტიური ჩართვის გზით დაეუფლონ სხვადასხვა დარგის თანამედროვე ინჟინერიის საფუძვლებს, რაც საინჟინრო კადრების მწვავე დეფიციტის დღევანდელ პირობებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია იქნება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი
დავით თავხელიძე |
|