საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრის, შპს “ფიბრობეტისა” და შპს “ელ ინდასტრი ჯორჯიას” ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, “ფიბრობეტის” მმართველმა პარტნიორმა დავით ნოზაძემ გააკეთა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სტუ-ის პროფესორები და დაინტერესებული პირები.
ნოზაძემ ისაუბრა ბოჭკოებით არმირებულ კომპოზიციურ მასალებზე, საქართველოში წარმოებული პროდუქციის მნიშვნელობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მშენებლობასა და ელექტროსისტემებში. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტალური ბაზალტის სტაბილურად უწყვეტი ბოჭკო გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მასალათა ინსტიტუტის ლაბორატორიაში იქნა მიღებული. დღეს საქართველოში იწარმოება არმირებული კომპოზიციური მასალები, რომლებსაც სხვადასხვა საინჟინრო სფეროში დიდი პერსპექტივა აქვს.
ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრში შემუშავებულია ტექნოლოგია კოროზია მედეგი მინა ბოჭკოს და ასევე საქართველოში წარმოებული ბაზალტის ბოჭკოს (GRDF, BPG #01/07) ბეტონის არმატურის ელემენტად გამოყენების გზით, სამოქალაქო მშენებლობისათვის კონსტრუქციული ელემენტების საწარმოებლად, კერძოდ სამშენებლო კონსტრუქციების, შენობების გარე ფასადებისა და ინტერიერის შესაფუთი დეკორატიული ელემენტების, სადრენაჟო და საკანალიზაციო სისტემების ელემენტების დასამზადებლად. შექმნილია აღნიშნული მასალების სერიული წარმოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური პირობები.
ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების მნიშვნელობაზე, საქართველოში მისი წარმოების გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა შპს “ელ ინდასტრი ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ემზარ ჩაჩხიანმა.