|
18-04-2012, 13:58
სტუ-ის წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტებში ტემპუსის პროექტის განხორციელების სემინარებში მონაწილეობენ.
TEMPUS IV-th Call Joint Project პროექტის “მაღალპროფესიული ტრენინგების ბაზაზე წარმოებასთან უნივერსიტეტების თანამშრომლობის განვითარება საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში” ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები – რექტორის მოადგილე პროფ. ლ. კლიმიაშვილი, პროექტის ადმინისტრატორი პროფ. ა. ედიბერიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების დეპარტამენტის სპეციალისტი მ. სულაბერიძე და ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი მ. ქანთარია მივლინებული იყვნენ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სემინარებსა და სპეციალიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.
ვიზიტი ჩატარდა 2012 წლის 11-17 მარტს შემდეგ უნივერსიტეტებში: გენტის სენტ-ლივენის უნივერსიტეტი (ბელგია), აალენის უნივერსიტეტი (გერმანია), ზემო სავუას უნივერსიტეტი ანსიში (საფრანგეთი), კოვენტრის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი).
ვიზიტის მიზანი იყო წარმოებასთან უნივერსიტეტების პირდაპირი კავშირების განვითარება, უმაღლესი სასწავლებლების მიერ საწარმოთა დაკვეთების შესრულების გაცნობა. სემინარების დროს სხვადასხვა საწარმოსა და უნივერსიტეტების ლაბორატორიებში ნაჩვენები იყო კონკრეტული ტექნოლოგიური ამოცანების გადაწყვეტა და წარმოებული პროდუქციის ნიმუშები.
ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია და მასალები გამოყენებული იქნება ტექნიკურ უნივერსიტეტში მსგავსი ცენტრისა და ლაბორატორიის შექმნისათვის და მათი მუშაობის კონცეფციის გამოსამუშავებლად.
დაწვრილებითი ინფორმაცია პროექტის შესრულების მსვლელობის შესახებ იხილეთ ევროგაერთიანების ტემპუსის პროექტის cap4com.eu და ჩვენი უნივერსიტეტის ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების http://bit.gtu.ge ვებგვერდებზე. |
|