საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის დახმარებით გამოწერილი ელექტრონული რესურსების (EBSCO, Cambridge University Journals,Royal Society Journals Collection) და კონსორციუმის სხვადასხვა სერვისის პრეზენტაცია. პრეზენტაცია ჩაატარა კონსორციუმის ელექტრონული რესურსების ლიცენზიების კოორდინატორმა საქართველოში, თამარ ხახუტაშვილი.
თამარ ხახუტაიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა koha-ზე. მისი განცხადებით, 60 000-ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეულის არსებობის შემთხვევაში, უფრო მოსახერხებელია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა koha.
“koha არის openbiblio-ზე გაცილებით მძლავრი და ბევრი სერვისის მომცველი პროგრამა. მას შეუძლია დაამუშაოს 5 მილიონზე მეტი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, ოპერატიულად შეატყობინოს მკითხველებს სიახლეები, დაეხმაროს ლიტერატურის შერჩევაში”, - განაცხადა მან.
როგორც ცენტრალური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის დირექტორმა ვაჟა პაპასკირმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიძინა ეს პროგრამა და ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა koha ამიერიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც იქნება ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, უფროსმა ბიბლიოთეკარმა ირინა ღარიბიანმა გააკეთა პრეზენტაცია საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ.