|
20-05-2012, 01:16
დღეს, 20 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ქართულ ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
ასურელი მამების სახელს უკავშირდება საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრება. ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე - აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი. ისინი სირიიდან საქართველოში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად მე-6 საუკუნეში შემოვიდნენ. ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა. მისი სიმდაბლე და მღვიძარება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა, მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.
ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია.
საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.
ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით, წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.
წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". სინამდვილეში, ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული. |
|