|
29-10-2010, 00:14
29 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
VI საუკუნის შუა წლებში საქართველოში ქ. ანტიოქიდან მოვიდა სახელგანთქმული სირიელი საეკლესიო მოღვაწე იოანე ზედაზნელი და თან მოიყვანა მრავალი მოწაფე (ასურელი მამები). ზედაზნის მონასტრის დამაარსებელი იოანე ზედაზნელი ჯერ მცხეთაში ცხოვრობდა, შემდეგ მცხეთის მახლობლად, მდინარე არაგვის გაღმა, ზედაზნის მთაზე ააშენა მონასტერი, საიდანაც თავისი მოწაფეები დაგზავნა ქართლისა და კახეთის მხარეებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად და გასავრცელებლად, ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად.
იოანე ზედაზნელს საქართველოში მოსვლიდანვე დახმარებასა და მფარველობას უწევდა ქართლის კათალიკოსი ევლალე. იოანე ზედაზნელის მოღვაწეობა აუწერიათ VI-VII საუკუნეებში, მაგრამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. X საუკუნეში მისი ცხოვრება აღწერა კათოლიკოსმა არსენ II-მ, რომელმაც გამოიყენა ძველი ტექსტი. მის შესახებ ცნობებს შეიცავს შიო მღვიმელის მეტაფრასული "ცხოვრებაც".
იოანე ზედაზნელს მოწაფეები იყვნენ შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი. |
|